სამთო-სათხილამურო კურორტი "თეთნულდს" დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ოფიციალურად გახსნის.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "თეთნულდს" საბოლოო ჯამში ექნება ყველაზე დიდი - 1,7 კილომეტრიანი ვერტიკალური დაშვება, ხოლო მთლიანი სასრიალო ტრასის სიგრძე 9,5 კმ იქნება.
მინისტრის ინფორმაციით, დღეს გაიხსენება პირველი მონაკვეთი, რომლის სიგრძე 3,5 კმ-ია, ხოლო წლის განმავლობაში გაიხსნება დანარჩენი 4 მიმართულება. ქუმსიშვილის თქმით, თეთნულდზე წარმოდგენილი იქნება ყველა სირთულის ტრასა. მათ შორის, პროფესიონალებისთვის, ექსპერტებისა და მოყვარულებისთვის.
"ყველა ადამიანს, ვისაც უყვარს თხილამურები, მთა, დასვენება და ტურიზმი, ველოდებთ სვანეთში, რათა ისიამოვნონ და ნახონ თუ როგორი კარგი გამოვიდა ჩვენი ახალი სათხილამურო კურორტი", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო სათხილამურო კურორტის განვითარებაში, მათ შორის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე კომპანია "პომას".
ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის ცნობით, ტურიზმის განვითარების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, "თეთნულდზე" მოეწყობა პრესტურები, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტს ეწვევიან ტურისტული კომპანიები.
რაც შეეხება სერვისების განვითარების მიმართულებას, ეკონომიკის მინისტრის ცნობით, წლის განმავლობაში გაკეთდებდა გენერალური განაშენიანების გეგმა, ასევე მოხდება მიწების რეგისტრაცია და კერძო სექტორის ხელშეწყობა.
სამთო-სათხილამურო კურორტი "თეთნულდი" ეკონომიკის სამინისტროს შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიის მენეჯმენტში გადავიდა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის, სანდრო ონოფრიშვილის თქმით, კურორტის უნიკალურობა გამოხატულია ბუნებაში. მისივე შეფასებით, თეთნულდი გამოირჩევა უხვთოვლიანობით და მრავალფეროვნებით. ასევე "თეთნულდი" უნიკალურია გაუკვალავი, ე.წ. პაუდერით, რომელიც, მისი თქმით, ტურისტებს იზიდავს.
"თეთნულდის" მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. კურორტი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს. პროექტის ღირებულება 100 მილიონი ლარია და მას საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა აფინანსებს.
მთის კურორტების განვითარების კომპანიამ კურორტის პოპულარიზაციის მიზნით, მესტია-თეთნულდი, თეთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება, ასევე მთელი სეზონის განმავლობაში საბაგიროს მომსახურებაც უფასო იქნება.
სპეციალისტების დასკვნით, "თეთნულდი" ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4100 მოთხილამურეს მოემსახურება.
"თეთნულდი" ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს. სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გახანგრძლივდება. კურორტზე მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.