„ცილისწამება და მავნებლობა", - ასე აფასებს გუშინ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საგაზაფხულო სესიაზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი კანდელაკის გამოსვლას „ახალგაზრდული ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩიქოვანი.
მისი შეფასებით, ევროსაბჭოს სესიაზე გიორგი კანდელაკის სიტყვით გამოსვლა კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წევრებისთვის უცხოა სახელწიფოებრიობის და სახელწიფოებრივად აზროვნების ცნება.
„მან ტრიბუნა გამოიყენა არა საქმეზე სასაუბროდ, არამედ არსებული ხელისუფლების გასაკრიტიკებლად. ცალსახაა, არცერთი ხელისუფლება არ არის იდეალური, მაგრამ უმჯობესია, საერთაშორისო ტრიბუნა ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ და წინა პლანზე წამოვწიოთ ის საკითხები, რომელთა გადაჭრაც საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების გარეშე ვერ მოხერხდება. ბატონი გიორგი კანდელაკი და ძმანი მისნი კი კვლავ აგრძელებენ ოდესელი მაღალჩინოსნის პოლიტიკის გატარებას და ახდენენ არა მხოლოდ მთავრობის იმიჯის შელახვას საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ მსგავსი გამოსვლით ზოგადად ქართული სახელწიფოს იმიჯს აყენებენ დარტყმას. გუშინდელმა გამოსვლამ ნათლად დაგვანახა, რომ ყოფილი ხელისუფლების წამომადგენლობისთვის უცხოა სახელწიფო ინტერესები და მათ ამოსავალ წერტილად კვლავ რჩება პირადი კომფორტი.
რაც შეეხება „პანამურ დოკუმენტებს", ამ შემთხვევაში ალბათ საქმე გვაქვს ამნეზიასთან. გიორგი კანდელაკს ავიწყდება, რომ „პანამურ დოკუმენტებში" საკმაოდ დიდი ადგილი უკავია თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმიანობას, რომელიც წაგებული ომის შემდგომ, საეჭვოდ მოკლე დროში გახდა მილიონერი. პანამურ დოკუმენტებზე დაყრდნობით კი მის წინააღმდეგ შვეიცარიის საგამოძიებო სტრუქტურებმა საქმის გამოძიება დაიწყეს. თუ ის ევროსაბჭოში გამოსვლისას ამასაც აღნიშნავდა, კარგი იქნებოდა", - აცხადებს ჩიქოვანი.