მსახიობი ირაკლი კავსაძე გაზეთ „ალიასთან" რწმენა-ცრურწმენებთან დაკავშირებით საუბრობს. კავსაძის აზრით, ცრურწმენა არის ცალკეული გამონათქვამი, რომელიც ადამიანთა ცნობიერებაში ჯდება და თანდათან რწმენად ყალიბდება.
„მამაჩემს ჰქონდა უცნაური შემთხვევა. მართალია, ამას ცრუმორწმუნეობას ეძახიან, მაგრამ ფაქტი უტყუარ ფაქტად რჩება. დედაჩემის გარდაცვალების პირველ დღეებში მამა დაფიქრებული იჯდა სამზარეულოში, ცხადია, მეუღლეზე ფიქრობდა. უცებ, საშაქრეს, რომელიც მაგიდაზე იდო, თავსახური მოსძვრა, ჰაერში დატრიალდა და იატაკზე დავარდა. კახიმ თქვა, - ბელა, ვიცი, აქ ხარ და კიდევ დამიმტკიცე, რომ აქ ხარო. სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ ჩანგალი დავარდა იატაკზე. მას შემდეგ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორებულა, მაგრამ ის, რაც მოვყევი, ნამდვილად მოხდა", - ამბობს ირაკლი კავსაძე.
აქვე ირაკლი კავსაძე საუბრობს 13 რიცხვთან დაკავშირებულ ცრურწმენაზე და ამბობს, რომ ამ რიცხვს საშიში არაფერი აქვს.
„ერთხანს მეშინოდა 13 რიცხვის, მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ ამ რიცხვს საშიში არაფერი ჰქონდა და ცრურწმენა იყო. ეს არის ცალკეული გამონათქვამები, რომლებიც ადამიანის ცნობიერებაში ჯდება და თანდათან, რწმენად იქცევა. გიშერზეც მეუბნებიან - ცრურწმენააო, მაგრამ თუ ასეა, რატომ ტყდება? ზუსტად ვიცი, რომ გიშერი ავ თვალს და ავ ენერგიას თავის თავზე იღებს. მუდმივად ვატარებ მას და გამოგიტყდებით, რომ ასზე მეტი გიშერი მაქვს გამოცვლილი", - ამბობს კავსაძე.