logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: შეიძლება, პრეზიდენტს სამივე პრემიერთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდეს?!
- +

19 აპრილი. 2016. 15:40


 

მომავალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილია, თუმცა, ჯერ გაურკვეველია, როდის დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია. „სამწუხაროდ, პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ის მომხრეა, მაისში დაიწყოს საარჩევნო კამპანია. არ დაგიმალავთ, გაუგებრობა არსებობს, მაგრამ არა მგონია, სწორი იყოს, ეს კონფრონტაციად შეფასდეს. ჩვენ გავაგრძელებთ ზედმეტი ემოციების გარეშე ურთიერთობას. კონსულტაციები გრძელდება. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ საბოლოოდ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ამ სტატუსით პირველად შეხვდა მედიის წარმომადგენლებს. მან სხვადასხვა ტელევიზიის წამყვანთა შეკითხვებს უპასუხა. ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ სწორედ ამ შეხვედრის შეფასებით დავიწყეთ:


- ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. გიორგი კვირიკაშვილმა მოახერხა, ყოფილიყო კონსტრუქციული და აუღელვებელი. ის არ აჰყოლია ემოციას ყველაზე მწვავე შეკითხვებზე პასუხისასაც კი. მოკლედ, მან შეძლო და წარმოაჩინა ყველა ის თვისება, რაც საზოგადოებას მასში მოსწონს. შესაძლოა, მის პასუხებს ცოტა კონკრეტულობა აკლდა, თანაც, შეუძლებელია, მისი პოზიცია ყველასთვის მისაღები იყოს. ალბათ, საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს არ მოეწონებოდა მისი პასუხები ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგეებს არ მოეწონებოდათ არც მისი დამოკიდებულება კოაბიტაციისა და სამართლიანობის აღდგენისადმი, თუმცა, გიორგი კვირიკაშვილმა აქაც სცადა, კორექტული ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას შეიძლება სხვა შენიშვნებიც ჰქონდეს, ჟურნალისტებთან ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. საზოგადოებას პრემიერზე აქამდე ფრაგმენტული წარმოდგენა ჰქონდა, ახლა უფრო მეტი გავიგეთ მის შესახებ. მის განცხადებებში გამოჩნდა პერსპექტივა, რომ მას საქმის კეთება შეუძლია.

 

- ამ შეხვედრაზეც არაერთხელ დაისვა საკითხი, რომ პრემიერი არ არის ბოლომდე დამოუკიდებელი და მასზე, ისევე როგორც მის წინამორბედზე, ბიძინა ივანიშვილი დიდ გავლენას ახდენს...


- კვირიკაშვილი სწორად მოიქცა, როდესაც არ დაიწყო მტკიცება, რომ დამოუკიდებელი ფიგურაა. ასეთ შემთხვევაში ეჭვისთვის მეტი საფუძველი გაჩნდებოდა, რადგან ცხადზე ცხადია, რომ ივანიშვილი დღემდე ახდენს გავლენას ამ პოლიტიკურ ძალაზეც და მის ლიდერებზეც, თუმცა, ჩემი აზრით, კვირიკაშვილი ბევრად უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ის მადლიერია ივანიშვილის, რომელმაც ის პოლიტიკურ ფიგურად აქცია, მაგრამ არა მგონია, საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებისას ექსპრემიერზე იყოს დამოკიდებული. აშკარაა, რომ კვირიკაშვილი მანევრების კაცია და არა ხისტი დამოკიდებულებების, თუმცა, გადაჭარბებული სიფრთხილის გამო, მას შენიშვნას მაინც მივცემდი. ძლიერი პრემიერი რისკიანი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს რისკი გამართლებული უნდა იყოს... კვირიკაშვილისგან მეტ გაბედულებას ველი. გულწრფელად რომ ვთქვათ, აქამდე მას ამისთვის დრო არც ჰქონია, ამიტომაც ყველაფერი წინ არის. ვნახოთ, როგორ გამოიყენებს საკუთარ ბონუსებს, რამდენად აქტიურად ჩაერთვება „ქართული ოცნების" სიის დაკომპლექტებაში და მოახერხებს თუ არა ქმედითი და ძლიერი პოლიტიკური გუნდის შემოკრებას.


- არჩევნების თარიღის გამოცხადებას დაპირისპირების კიდევ ერთი რაუნდი მოჰყვა პრეზიდენტსა და ამჯერად უკვე ახალ პრემიერს შორის. პრემიერმა პრეზიდენტს არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის განკარგულების 8 ივლისს გამოცემა სთხოვა. პრეზიდენტი უკან დახევას არ აპირებს... მან განაცხადა, რომ არჩევნების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს, რაც ნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ლამის 5 თვით ადრე უნდა დაიწყოს. ამან კი შეიძლება ბევრი უხერხულობა შექმნას...

 

- მომაბეზრებელია ეს იწილო-ბიწილო. გაუგებრობები პრემიერებსა და პრეზიდენტს შორის უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მგონი, დროა, გიორგი მარგველაშვილი ბევრ რამეზე დაფიქრდეს. შეიძლება, პრეზიდენტს სამივე პრემიერთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდეს?! ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, ვინ არის დამნაშავე, რთულია, მაგრამ ცხადად ვხედავთ, რომ ერთ მხარეს მარგველაშვილია, მეორე მხარეს კი - სამი სხვადასხვა ადამიანი. პრეზიდენტმაც უნდა ეძებოს საკუთარ თავში ნაკლი და დაინახოს, რომ მისი სიჯიუტე დაძაბულ ვითარებას ქმნის, რაც, უპირველესად, ქვეყანას აზარალებს. საზოგადოებას მოჰბეზრდა ეს ყველაფერი. ნაწილი უკვე აგრესიულადაც არის განწყობილი მარგველაშვილის მიმართ, სწორედ იმიტომ, რომ მან ვერც ერთ პრემიერთან ვერ მოახერხა ურთიერთობის დალაგება. თუ დაუშვი შეცდომა, ხომ შეიძლება აღიარო, აღარ გაჯიუტდე და უკან დაიხიო, მით უფრო, რომ ასე ადრე დაწყებულმა წინასაარჩევნო კამპანიამ შეიძლება ქვეყანა მართლაც დააზარალოს. საქმე მხოლოდ ზედმეტად დახარჯული ფინანსები არ არის - რატომ უნდა იცხოვროს ქვეყანამ ამდენი თვე წინასაარჩევნო დაძაბული რეჟიმით?! ბოლოს და ბოლოს, ნაპოლეონი აღიარებდა შეცდომას! ეს მარტო მარგველაშვილს არ ეხება. არ შეიძლება მუდმივად კონფრონტაციულ რეჟიმს ქმნიდე, მერე კი ისეთ პოზას იღებდე, თითქოს ყველაფერში მართალი ხარ!


- გამოქვეყნდა NDI-ს კვლევის შედეგები. თუ მისმა პირველმა ნაწილმა, რომელიც ამა თუ იმ მნიშვნელოვანი საკითხისადმი საზოგადოების დამოკიდებულების კვლევას ისახავდა მიზნად, ნაკლები პრეტენზია გამოიწვია, არაერთგვაროვანი რეზონანსი მოჰყვა პოლიტიკურ რეიტინგებს. ამ თემაზე საუბარი მინდა კვლევის ერთი საინტერესო კომპონენტით დავიწყოთ. ბოლოდროინდელ გამოკითხვებში ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხთა ჩამონათვალში სულ უფრო და უფრო ნაკლები პროცენტული წილი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზე მოდის. ამას რით ახსნით?


- მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევას არ ვენდობი, მიმაჩნია, რომ ტენდენციებზე ლაპარაკი შეიძლება. ვფიქრობ, ეს განპირობებულია იმით, რომ პრობლემა სახელმწიფო პოლიტიკის რაკურსით არ წარმოჩნდება და მისი აქტუალიზება მხოლოდ ფრაგმენტულად ხდება. არ არის აუცილებელი მუდმივად პოლიტიკურ კონტექსტში ამ საკითხებზე ლაპარაკი. შესაძლებელია სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულებების გააქტიურება. ეს ის საკითხია, რომლის ირგვლივ პოლიტიკური ელიტა და საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. მაგალითად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გალის რაიონს, იქაურ პრობლემატიკას, ქართული ენის სწავლებას და ა.შ. საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, რაშიც საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება. გარდა ამისა, ეს არის საკითხი, რომლით სპეკულაცია დაუშვებელია! პოლიტელიტის არასწორმა, უგუნურმა მიდგომამ ეს პრობლემა არაერთხელ გაართულა. რუსეთი ყოველთვის ცდილობდა, მეტი წაერთმია საქართველოსთვის; ის ოკუპანტია, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, რომ ამ ქვეყანას თავისი ინტერესები ჰქონდა და აქვს. ჩვენში ამას ყურადღებას არ აქცევენ, არადა, უფრო იოლია მუშაობა და წარმატების მიღწევა, როცა კარგად იცი მოწინააღმდეგის ინტერესები.


პოლიტიკანობა და მტკიცება, რომ ჩვენი პრობლემატიკა რადარებიდან გაქრა და ამაში პოლიტიკური ხელმძღვანელობაა დამნაშავე, არასწორია. არავის უჩნდება კითხვა, რომ ეს, შესაძლოა, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს სჭირდებოდეთ?!


- ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად ემზადებიან, პრეზიდენტ პუტინის განცხადებით კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი არ განიხილება. მაშ, რას ემსახურება ეს რეფერენდუმი?

 

- მართალია, რუსმა პოლიტოლოგმა ნიკოლაი სვანიძემ თქვა, რომ ეს შეიძლება რუსეთთან არც იყოს შეთანხმებული, მაგრამ მე ეს არ მჯერა. კონკრეტული ადამიანის დასახელება შემიძლია, ვისთანაც მოხდა რეფერენდუმზე შეთანხმება - ეს არის ვლადიმირ პუტინის თანაშემწე დე ფაქტო აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებში ვლადისლავ სურკოვი. თუმცა, რუსეთი არ აპირებს, რეფერენდუმის შედეგი დაუყოვნებლივ რეალობად აქციოს და ე.წ. სამხრეთ ოსეთი შეიერთოს. მას უნდა, რომ ჰქონდეს რეფერენდუმის შედეგები და როდესაც დასჭირდება, მაშინ გამოიყენოს. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება გახდეს: საქართველოს ხელისუფლების ხისტი და აგრესიული მოქმედება, ჰააგაში მიმდინარე საგამოძიებო პროცესის მისთვის არასასურველი მიმართულება და ა.შ. ამიტომაც გვმართებს დიდი სიფრთხილე.


- ისევ NDI-ს კვლევას რომ დავუბრუნდეთ, წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, გაზრდილია ევროინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი, ხოლო ევრაზიულ კავშირში გაწევრების მსურველთა რაოდენობა შემცირებულია...

 

- 2012-2013 წლებში ახალი ხელისუფლების პირობებში რუსეთისადმი დამოკიდებულების შეცვლამ ბევრს იმედი გაუჩინა, რომ რუსეთის პოლიტიკაც შეიცვლებოდა, თუმცა, ეს არ მოხდა. გარდა სავაჭრო ურთიერთობებისა, კრემლი არანაირი პოზიტიური ნაბიჯის გადმოდგმას არ აპირებს. სავარაუდოდ, ბევრმა ეს დაინახა და კვლევაშიც სწორედ მოსახლეობის გულგატეხილობა აისახა. შესაძლებელია, რუსეთის პოლიტიკით იმედგაცრუებული ადამიანების ნაწილი ისევ დასავლეთისკენ შებრუნდეს, თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ საზოგადოების ნიჰილიზმის მიზეზად ორივე საგარეო ვექტორი იქცეს.


- NDI-ს კვლევის პოლიტიკური რეიტინგების მიხედვით, ელექტორატის დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს...


- არ ვიცი, ეს ციფრები საიდან მოიტანეს. როგორც ვიცი, პოლიტტექნოლოგიური ხრიკია, ამგვარი კვლევა ჩაატარო დიდწილად სწორად, ისე, რომ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ეჭვს არ იწვევდეს, მაგრამ გამოურიო ერთი-ორი საკითხი, რომელიც აშკარად ტყუილი იქნება. ზუსტად ვერ ვიტყვი, რომ NDI ასე მოიქცა NDI, მაგრამ ამის ნიშნები ჩანს. პოლიტიკოსთა რეიტინგში ლიდერებს შორის ისეთი ხალხი გამოჩნდა, მათი დასახელება სასაცილო უფროა, ვიდრე გაუგებარი... რაც შეეხება ნიჰილიზმს, ეს აშკარად იგრძნობა, თუმცა, რამდენიმე თვის წინ უიმედობა უფრო აშკარად იგრძნობოდა. ახლა ადამიანები მეტს ლაპარაკობენ იმაზე, ვის შეიძლება მისცენ ხმა. მართალია, ბევრს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ბევრი რამ გაირკვევა.


- ბევრს ლაპარაკობენ პარტია „ქართული ოცნების" გადახალისებაზე...

 

- კარგი იქნება, პარტიამ ჩაატაროს შიდა კვლევა იმისა, საპარლამენტო დეპუტაციიდან ვის ენდობა საზოგადოება. ასე გაარკვევდნენ, ვინ უნდა დარჩეს ახალ სიაში და ვინ არა. გარდა ამისა, ვურჩევ „ქართულ ოცნებას", ის ხალხი გაიხსენოს, ვინც მის სათავეებთან იდგა. მათ შორის არიან დამფუძნებლებიც. ეს ადამიანები ოთხი წელი არავის გახსენებია და გარიყულად გრძნობენ თავს.


საჭიროა კომპეტენტური ადამიანების მოძებნა. ახსენეს რამდენიმე გვარ-სახელიც. ზოგი მომწონს, ზოგი არა. მაგალითად, ვერ მოვიწონებ სიაში იმ ადამიანის ყოფნას, ვინც გარდაბნის არჩევნებში წაგება, რომელიც გააყალბა "ნაციონალურმა მოძრაობამ", ლამის ჩვენ დაგვაბრალა. თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და სიის პირველი მონახაზი აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება. ამბობენ, რომ სპორტსმენები და მსახიობები არ უნდა იყვნენ სიაში. ჩემი აზრით, სიაში შეიძლება ყველა პროფესიის ადამიანი მოხვდეს, მთავარია, მან საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა შეძლოს. იგივე მინდა ვთქვა მაჟორიტარობის კანდიდატებზეც. აქაც გადამწყვეტი უნდა იყო ის, თუ რამდენად შეუძლია მას რაიონის პრობლემების გადაწყვეტა და საპარლამენტო მუშაობა.


- გავრცელდა ვერსია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შეიძლება კონსერვატიული პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს...

 

- თუ ღარიბაშვილი კონსერვატორების სიის პირველი ნომერი გახდა, ეს ზვიად ძიძიგურის ეფექტიანი სვლა იქნება, თუმცა, არ ვიცი, ღარიბაშვილს რა დივიდენდებს მოუტანს. ირაკლი ღარიბაშვილი უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში. მან, ძალიან ახალგაზრდამ, პრემიერობა იტვირთა და ვერ ვიტყვით, რომ თანამდებობიდან მარცხით წავიდა. ვფიქრობ, საინტერესო არჩევნები გველის წინ. თუ მოხერხდა და ყველაფერი დემოკრატიულად და გაყალბების გარეშე ჩატარდა, ბევრ ძალას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი.


- 16 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქციები განახლდა. „აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ შესრულდა და უნივერსიტეტში რეფორმებია გასატარებელი...

 

- უნივერსიტეტში ეს არეულობა უნდა დასრულდეს. „აუდიტორია 115"-ის მოთხოვნები სწორია, მაგრამ სასწავლო დაწესებულებაში სიტუაცია უნდა განიმუხტოს და პრობლემები მშვიდად გადაიჭრას. სტუდენტური თვითმმართველობა საჭირო რგოლია, მაგრამ არ შეიძლება ის ლამის რექტორისა და აკადემიური საბჭოს თანასწორი იყოს. მე ახალგაზრდების აქტიურობაში ვხედავ სურვილს, რეაქციონერთა ჯგუფებს არ მისცენ ინიციატივის ხელში აღების საშუალება, რისი საფრთხეც არსებობს.


ნათია დოლიძე


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner