„ვინც საჭიროა და ვინც მოწმის სახით არის დასაკითხი, ყველა იკითხება", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" აჭარის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ზაზა დიასამიძემ განუცხადა.
ზაზა დიასამიძემ მცირე კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოიკითხა თუ არა სასტუმროს წარმომადგენლები.
„მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ვინც საჭიროა და ვინც მოწმის სახით არის დასაკითხი, ყველა იკითხება", - განაცხადა დიასამიძემ.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში" ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს - არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას - სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა.
ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.