logo_geo
eng_logo
თამაზ ბაკურიძე: რომანს სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების მაკომპრომეტირებელი მასალა ჰქონდა
- +

19 აპრილი. 2016. 15:59



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კუდის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას, გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. საქმეს გრიფი „საიდუმლო" ადევს. გამოძიებით დადგინდა, რომ ქარდავა შუამავლის მეშვეობით მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა. 4-კაციანმა ჯგუფმა დუმბაძე მოკლა. ოთხივე დამნაშავე სასჯელს რუსეთში იხდის, შუამავალი კი საქართველოში დააკავეს.


რომან დუმბაძე მოსკოვში, რუბლიოვოს გზატკეცილზე 2012 წლის 21 მაისს მოკლეს - თავისა და მუცლის არეში 7 ტყვია დაახალეს. გენერლის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად კრიმინალური გარჩევა დასახელდა.


თამაზ ბაკურიძე, უფლებადამცველი: - როდესაც დუმბაძე მოკლეს, განვაცხადე, რომ ეს პირდაპირ კავშირში იყო სააკაშვილის ხელისუფლებასთან და მასში გარეული იყვნენ კუდ-ის თანამშრომლები. 4 წლის შემდეგ ჩემი ვერსია დადასტურდა, მხოლოდ მეგის ქარდავა დაემატა. მაშინ ვასახელებდი აჭარის უშიშროების ყოფილ ხელმძღვანელს, მის ძმას, რომელიც მოსკოვშია და ძმებ ახალაიებს. რატომღაც დღემდე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დუმბაძე სამშობლოს ღალატისთვის არის გასამართლებული. სააკაშვილმა ამ ბრალით კი დააკავა, მაგრამ სასამართლო პროცესებზე (იმხანად, მე და რომანი ერთად ვიხდიდით სასჯელს ავჭალის კოლონიაში) სს კოდექსით ეს მუხლი ვერ წაუყენეს, რადგან სამხედრო პირი მხოლოდ მაშინ ითვლება მოღალატედ, თუ შემოსული მტრის მხარეს გადავიდა. იმის გამო, რომ დუმბაძე აბაშიძეს დაემორჩილა და არა სააკაშვილს, ვერ წაუყენეს ღალატის ბრალი. ბოლოს საქმე ეკონომიკური დანაშაულის ბრალდებით აღძრეს და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 17 წელი მიუსაჯეს. სამშობლოს ღალატი როგორ უნდა დააბრალო კაცს, რომელიც აფხაზეთში იბრძოდა და რუსებმა დაჭრეს. ეს სირცხვილია.


- რომან დუმბაძის ზოგიერთი ახლობელი ამბობს, რომ მას სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების მაკომპრომეტირებელი მასალა ჰქონდა, რომელიც გენერალმა ბორისოვმა გადასცა და მისი მკვლელობის მიზეზიც ეს იყო...


- მართალია. ასლანსაც ჰქონდა კომპრომატები, რომლებიც არ გამოუქვეყნებია და მათი ნაწილი რომანის ხელში იყო. რომანს ჩემთვისაც უთქვამს, რომ კომპრომატების გამოქვეყნებას აპირებდა. არც ის არის გამორიცხული, ბორისოვსაც გადაეცა, რადგან ის წლების განმავლობაში აქ რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელი იყო და ძლიერი სადაზვერვო სამსახური ჰყავდა. ადვილი შესაძლებელია, ბორისოვს უფრო მეტი კომპრომატი ჰქონოდა, ვიდრე ასლანს.


კოლონიაში დუმბაძესთან მოდიოდნენ კუდ-ის თანამშრომლები და ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ. მინახავს კუდ-ის მაღალჩინოსანი გიგა არჩაია, გია ალანია.


- საეჭვოდ მიიჩნევდნენ დუმბაძე-ბორისოვის ურთიერთობასაც, გენერლის 12 ქართველ ტყვეში გადაცვლას, მოსკოვში გადასახლებას...

 

- ბორისოვი და დუმბაძე მეგობრობდნენ. 2008 წლის ომის დროს მითხრა, ბორისოვს დავურეკავო, მაგრამ დავუშალე, კოლონიის ადმინისტრაცია ჩააყენე საქმის კურსში, რომ თქვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, შეგიძლია ქართული მხარის დახმარება-მეთქი. მართლაც შესთავაზა ადმინისტრაციას, დავურეკავ ბორისოვს და რასაც თქვენ იტყვით, იმას გააკეთებსო. ხელისუფლებამ ეს კოზირი არ გამოიყენა. ბოლოს რომანმა დაურეკა მეუღლეს და მიანიშნა, ეს კაცი ნახე, ეგებ რამე მოიფიქროსო, ის კი არ უთქვამს, გამიყვანოს აქედანო. რომანის მეუღლე ჩავიდა მოსკოვში და რაც შემდეგ მოხდა, ეს ბორისოვის სცენარის ნაწილი იყო. აბა, ჯარით ხომ არ მიადგებოდა ქართულ მხარეს, არიქა, რომანი გამოუშვითო? მან რომანის ქართველ ტყვეებში გადაცვლა მოითხოვა. ეს რომ რომანმა გაიგო, წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ხელისუფლებამ ის ძალით გაიყვანა კოლონიიდან. პატიმრებმაც დაინახეს, რომ მას გარეთ გივი თარგამაძე, ახალაიები და მთელი ხელისუფლება შეეგება, ძალით წაიყვანეს და ჩააბარეს ბორისოვს.


თუ სამშობლოს მოღალატე იყო, რატომ შეიწყალა სააკაშვილმა? იცით, როცა საქართველოში ჩამოსვლა მოინდომა, შეწყალების აქტი არ მისცეს. როდესაც მოკლული ჩამოასვენეს, ლევან ვარშალომიძემ და აჭარის მთავრობამ ოჯახს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალვის უფლება არ მისცა, სადღაც მანდარინის ბაღში დაასაფლავეს კაცი.


ბრალდებული გენერალი


გენერალ-მაიორი რომან დუმბაძე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, 2004 წლიდან სასჯელს იხდიდა. 2008 წლის 27 აგვისტოს ის სააკაშვილმა შეიწყალა.


აჭარაში ასლან აბაშიძის რეჟიმის დამხობის დროს დუმბაძემ უარი თქვა პრეზიდენტის ბრძანებების შესრულებაზე და განაცხადა, რომ აბაშიძის უშუალო დაქვემდებარებაში გადადიოდა. ამის გამო დააპატიმრეს და სამშობლოს ღალატის მუხლი წაუყენეს. 2008 წლის აგვისტოში ქართულმა მხარემ გენერალი რუსეთს 12 ქართველ ჯარისკაცში გაუცვალა. 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით გენერალ დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.

 

ნანა ფიცხელაური


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner