ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტს თვითმფრინავის ბორტი ტელეფონზე არაბულად საუბრის გამო დაატოვებინეს. 26 წლის ერაყელი ლტოლვილის ჰაირულდინ მაჰზუმის თქმით, თვითმფრინავში ჩაჯდომის შემდეგ მან ბიძას დაურეკა. საუბრის დროს მან სიტყვა „ინშალაჰ" (Inshallah) ახსენა, რაც ნიშნავს „თუ ღმერთი ინებებს". ამის გამო მგზავრმა, რომელიც მის საუბარს უსმენდა, ბორტგამცილებლებსა და ეკიპაჟის წევრებს მიმართა. ქალბატონის მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცს დანაშაულებრივი განზრახვა ჰქონდა.
ადგილზე გამოძახებულმა უსაფრთხოების ძალებმა მაჰზუმი გაჩხრიკეს, შემდეგ კი თვითმფრინავიდან ჩაიყვანეს. სტუდენტი გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებმა დაჰკითხეს, რის შემდეგაც გაათავისუფლეს. ის სახლში 8 საათის დაგვიანებით, სხვა რეისით დაბრუნდა. როგორც გაირკვა, სტუდენტი ლოს-ანჯელესში გაერო-ს გენერალური მდივნის გამოსვლას ესწრებოდა და ბიძას შთაბეჭდილებების გასაზიარებლად დაურეკა. როგორც მაჰზუმი აცხადებს, მას ფულადი კომპენსაცია არ სჭირდება და ავიაკომპანიისგან მხოლოდ საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს. თავად ავიაკომპანია „Southwest Airlines"-მა მომხდარის გამო სინანული გამოთქვა. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ბორტგამცილებლები უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად მოქმედებდნენ.