პატრიარქის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას კეთილი სამარიტელის შესახებ იგავზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუკუნო ცხონების დამკვიდრებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საწინდარი სამარიტელისებური მოწყალების თვისებაა.
„ჩვენ კი არ უნდა ვიფიქროთ ვინ არის ჩვენთვის მოყვასი, არამედ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ ვისთვის ვიყოთ მოყვასი, რომ ჩვენ ყველასთვის უნდა ვიყოთ მოყვასი, ვისაც ესაჭიროება გვერდში დგომა, ვინც ჩვენთან დგას, ჩვენს გვერდით, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, ყველას მიმართ უნდა ვიყოთ მოყვასები.
უფლისთვის მთავარია ჩვენს გულში, ჩვენს სულში ჩავიხედოთ, რომ არ იყოს გულცივობა, გულქვაობა, იყოს მოწყალება, სიყვარული, როგორც ჰქონდა ამ სამარიტელს, რამეთუ მოწყალება არის გზა. საუკუნო ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი საწინდარი არის სამარიტელისებური თვისება მოწყალებისა. ჩვენ, როგორც არასდროს, გვესაჭიროება ეს თვისება - მოწყალება. დალოცვილები და გახარებულები გამყოფოთ უფალმა", - განაცხადა მეუფე შიომ.
პატრიარქის მოსაყდრე ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიასაც გამოეხმაურა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ, რაც მოხდა გუშინწინ ბათუმში. ვუსამძიმრებთ და ვლოცულობთ იმ ადამიანების სულების საცხონებლად და მათ ოჯახებს ვუსურვებთ გაძლიერებას და ღვთის შეწევნას", - აღნიშნა მეუფე შიომ.