„საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილი, რომელიც ცხინვალის ე.წ. ციხეში თითქმის 18 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, გათავისუფლებულია და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს, 26 ნოემბერს გადაეცა", - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„გიორგი გიუნაშვილი ამჟამად საკუთარ ოჯახში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით დასახლებაში იმყოფება. მას სოფელ ერგნეთში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ და სახლში მიაცილეს.
გიორგი გიუნაშვილი 2016 წლის 8 ივნისს იქნა დაკავებული. მისი გათავისუფლების საკითხი მუდმივად განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.