logo_geo
eng_logo
ბეჟან დუმბაძე: რომან დუმბაძის მკვლელობა მხოლოდ ქარდავას დონეზე არ გადაწყდებოდა
- +

19 აპრილი. 2016. 16:52



გასულ კვირას ქართველი სამართალდამცველების მიერ არაერთ დანაშაულში მხილებულ მეგის ქარდავას მორიგი ბრალდება წაუყენეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ კუდ-ისა და სამხედრო პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთასაც ედავებიან. დუმბაძე მოსკოვში, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, 2012 წლის 21 მაისს მოტოციკლიდან ჩაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, დაჭრილი კი ადგილზე გარდაიცვალა.


მეგის ქარდავას ადვოკატი და „ნაციონალური მოძრაობა" ამ საქმეს ეჭვის ქვეშ აყენებენ - რუსეთის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულს ქართველი სამართალდამცველები რატომ იძიებენო?


„ამ საქმით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს პროკურატურა რეალურად რუსულ დაკვეთებს ასრულებს და რუსეთიდან გადაგზავნილ მასალებზე დაყრდნობით აწარმოებს ძიებას", - ამბობს ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი.


თუმცა აქ საკითხი სხვაგვარად დგას: დუმბაძის მკვლელობა მოსკოვში მოხდა და უშუალო შემსრულებლებიც რუსეთის კანონმდებლობით გაასამართლეს, თუმცა საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაცია საქართველოშივე დაიგეგმა და თბილისიდან შეუკვეთეს. ყოველ შემთხვევაში ასეთია ქარდავას მიმართ წარდგენილი ბრალის ფორმულირება, შესაბამისად, გასაკვირიც არ არის, რომ საქართველოში მკვლელობის შეკვეთის ფაქტი ქართველი სამართალდამცავების ინტერესის საგანი გამხდარიყო.


აქ საინტერესო უფრო ისაა, როგორ მოხდა თავის დროზე სამშობლოს მოღალატედ გამოცხადებული გენერლის მოსკოვისთვის გადაცემა? რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა და რატომ არ ჩამოართვა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ?


მეგის ქარდავასთვის ბრალის წარდგენამდე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა პირი, რომელიც ამ საქმის შუამავალი გახლდათ. გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს გრიფი „საიდუმლო" ადევს, მისი ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ შუამავლის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში უკვე დასრულებულია და მას პატიმრობაც აქვს მისჯილი. სავარაუდოდ, სწორედ მისი ჩვენებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე გავიდა გამოძიება მეგის ქარდავას კვალზე.


საქმე გასაიდუმლოებულია, თუმცა გარდაცვლილის ოჯახის ახლობლისგან „პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა ამ საქმის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, მათ შორის ის, რა დაუჯდათ ქართულ სპეცსამსახურებს გენერალ დუმბაძის მკვლელობა.


„გავიგეთ, რომ მკვლელობის შეკვეთისთვის უშუალოდ მეგის ქარდავამ 180 ათასი დოლარი გადაიხადა. რატომ სურდათ რომანის მოცილება, დღემდე გაუგებარია, რადგან ის პრობლემებს არავის უქმნიდა, თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მოსკოვში და არანაირ პოლიტიკურ პროცესებში არ ერეოდა. მან 2010 წელს მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, თუმცა საქართველოს მოქალაქეობა არ ჩამოურთმევიათ, ანუ ორმაგი მოქალაქე გახლდათ", - გვიყვება ოჯახის ახლობელი.


მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ 2008 წელს თითქოს რომან დუმბაძე 12 ქართველ ტყვეზე გაცვალეს, სიმართლეს არ შეესაბამება. „პრაიმტაიმთან" საუბრისას ამ ინფორმაციას გარდაცვლილის ძმა, ბეჟან დუმბაძეც ადასტურებს, რომელიც ირწმუნება, რომ სამუდამო პატიმრობამისჯილი გენერალი სააკაშვილმა ვიაჩესლავ ბორისოვის თხოვნით შეიწყალა. ბორისოვი და რომან დუმბაძე ჯერ კიდევ აჭარაში, ასლან აბაშიძის მმართველობის დროიდან მეგობრობდნენ.


ბეჟან დუმბაძე, გარდაცვლილის ძმა:


- ვიცი, რომ მეგის ქარდავას რომანი არც კი იცნობდა და არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. შესაბამისად, მას რაიმე პიროვნული მოტივი არ ექნებოდა, ეს მკვლელობა მხოლოდ ქარდავას დონეზე არ გადაწყდებოდა.

 

- შესაძლებელია, რომან დუმბაძეს, თავისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, ჰქონოდა ისეთი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, მისი მკვლელობის საფუძველი გამხდარიყო?


- გამორიცხული არ არის, თუმცა ჩემთვის ასეთი ინფორმაცია ცნობილი არ არის.


- იქნებ გაიხსენოთ, რა ვითარებაში მოხდა მკვლელობა?


- ეზოში იყო ჩასული, მოტოციკლით მივიდა ვიღაც პიროვნება, გამოელაპარაკა და 7 ტყვია ესროლა. გვითხრეს, საქმეს გრიფი „საიდუმლო" ადევსო და მოგვიანებით გაიგებთ ყველაფერსო. ჩვენთვისაც სიახლე იყო, რომ ამ საქმეში მეგის ქარდავას სახელი ამოტივტივდა.


- 2004 წელს თქვენი ძმა სამშობლოს ღალატისთვის დააპატიმრეს, მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 4 წლის შემდეგ მოულოდნელად გაათავისუფლეს... რით ხსნით ამ ყველაფერს?


- სამშობლოს ღალატისთვის არ დაუკავებიათ. ეს არის მედიის მიერ აგორებული ბრალდება. რეალურად ბრალის დადგენილებაში მსგავსი არაფერი წერია. რომანი პრეზიდენტის ბრძანებით გაათავისუფლეს, ის იყო რიგითი მოქალაქე და შესაბამისად, ამ სტატუსით არ შეასრულა სააკაშვილის მითითებები. ამის გამო წარუდგინეს ბრალი დაუმორჩილებლობის მუხლით და არა სამშობლოს ღალატისთვის. ეს სხვადასხვა რამაა.


- მისი განთავისუფლების შემდეგ ითქვა, რომ გენერალი დუმბაძე ქართველ ტყვეებში გაცვალეს... გამოდის, რომ ის რუსებზე მუშაობდა...

 

- არანაირ ქართველ ტყვეებზე გაცვლა არ მომხდარა. ჩვენ მისი განთავისუფლების მოტივი დიდხანს არ ვიცოდით. მხოლოდ ახალი ხელისუფლების დროს გავიგეთ, რომ ის პირადად მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. რეალურად, არ მომხდარა ტყვეებში გაცვლა. განთავისუფლების შემდეგ ჩემი ძმა ითხოვდა, რომ მოსკოვში არ გაეშვათ, თუმცა მას ქვეყნის დატოვება კატეგორიულად მოსთხოვეს. ასეთი იყო ბრძანება, ამიტომ იძულებული გახდა, ბორისოვს გაჰყოლოდა.


- რატომ არ სურდა მოსკოვში წასვლა?

 

- საქართველოს მოქალაქე იყო და სხვა ქვეყანაში რატომ უნდა წასულიყო. თუ გაათავისუფლებდნენ, სურდა თავის ქვეყანაში ეცხოვრა, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს. მისი განთავისუფლება კი ხელისუფლებას ნამდვილად სთხოვა ბორისოვმა.


- ბორისოვთან რამდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდა თქვენს ძმას?

 

- ბორისოვი თავის დროზე ბათუმში რუსული დივიზიის ხელმძღვანელი იყო, რომანი კი ქართულ დივიზიას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ჰქონდათ ურთიერთობა და მეგობრობდნენ კიდეც.


- რუსეთის სპეცსამსახურებთან რა ურთიერთობა ჰქონდა?


- ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ის არანაირ პოლიტიკურ პროცესებში აღარ მონაწილეობდა. მას სურდა საქართველოში მშვიდი ცხოვრება.


- მოსკოვში ყოფნის დროს რას საქმიანობდა?

 

- არაფერს. მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში.


- თავს რით ირჩენდა?

 

- მეგობრები და ახლობლები ეხმარებოდნენ.


იმ მეგობრებს შორის, რომლებიც მოსკოვში ყოფნის დროს რომან დუმბაძეს ეხმარებოდნენ, რუსი გენერალი, ვიაჩესლავ ბორისოვიც გახლავთ. მისი „დამსახურებები" საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ოკუპაციის საქმეში, საკმაოდ დიდია. ბორისოვის სახელი საქართველოს ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაუკავშირდა. გენერალი ბათუმში, 1998-2002 წლებში, მე-12 სამხედრო ბაზას ხელმძღვანელობდა. ბორისოვი, ასევე, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების ხელმძღვანელის პოსტსაც იკავებდა. მაშინ, როდესაც 1999 წლის არჩევნებში ბორისოვმა ასლან აბაშიძესა და მის პარტიას - „აღორძინებას" ღიად დაუჭირა მხარი, ცენტრალურმა ხელისუფლებამ რუსი გენერლის ქვეყნიდან გაწვევა ოფიციალურად მოითხოვა. მოგვიანებით, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გენერალი ვიაჩესლავ ბორისოვი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.


ცხადია, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ბორისოვის მეგობარი ქართველი გენერალი თავის დროზე უსაფუძვლოდ დააპატიმრეს. პირიქით, ჩნდება კითხვა, რა საფუძვლით შეიწყალა ის მიხეილ სააკაშვილმა და რა გარიგება მოხდა რეალურად? მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ირკვევა, რომ სანაცვლოდ რუსების მიერ დატყვევებული ქართველი ჯარისკაცებიც კი არ გადმოუციათ. სანამ ეს კითხვები პასუხგაუცემელია, დასკვნისთვის ერთადერთი საფუძველი გვრჩება - შეწყალება, მოსკოვში გაშვებაც და მკვლელობაც წინასწარ დაგეგმილი სცენარი იყო.


თავად ბორისოვი გენერალ დუმბაძეს დადებითად ახასიათებს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა დუმბაძე პატიმრობიდან გაათავისუფლა, გარკვეული პერიოდი, ის ბორისოვის აგარაკზე ცხოვრობდა.


ჯერ კიდევ ორი წლის წინათ სააგენტო „კვირასთან" საუბრისას ბორისოვი რომან დუმბაძის მკვლელობას ქართულ სპეცსამსახურებს, კერძოდ, ვანო მერაბიშვილის გარემოცვას უკავშირებდა. მისი თქმით, გენერლის მკვლელობის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების უკანონო ბრძანებების შეუსრულებლობა გახდა.


„რუსეთში რამდენიმე ადამიანი დაკავებულია გენერალ დუმბაძის მკვლელობის ბრალდებით. დაკითხულია დუმბაძის მეუღლეც. მალე სასამართლოს ველით. უკვე დადგენილია, რომ მისი მკვლელობა საქართველოს შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრის ნათესავებმა შეუკვეთეს. დამნაშავეებმა დანაშაული აღიარეს. თავადვე მოყვნენ, როგორ განახორციელეს მკვლელობა, როგორ მიიღეს თანხა ამ საქმისთვის", - აცხადებს გენერალი ბორისოვი.


2012 წელს გენერალ დუმბაძის მკვლელობას აქტიურად აშუქებდა რუსული პრესა. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები და მედიასაშუალებები მკვლელობაში ქართული სპეცსამსახურების კვალზე ღიად საუბრობდნენ.


გამოძიების მასალებზე დაყრდნობით პრესა წერდა, რომ ქილერი დუმბაძეს საკუთარ სახლთან ჩაუსაფრდა და მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან 7 გასროლა განახორციელა, რა დროსაც მეორე ეჭვმიტანილი მოტოციკლის საჭესთან იჯდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მესამე ეჭვმიტანილი მკვლელობის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი.


დღეის მდგომარეობით რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ასეთი მოცემულობაა: მკვლელობის მომზადება-შეკვეთის ბრალდებით საქართველოში სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად მისცეს მეგის ქარდავა, მანამდე კი ქართულმა სასამართლომ შეკვეთილი მკვლელობის შუამავალი გაასამართლა. მკვლელობის უშუალო შემსრულებლები კი, რომლებიც ასევე ქართველები არიან, რუსული კანონმდებლობით მოსკოვში 2014 წელს გაასამართლეს: გოჩა კვირიკაძეს, ალექსანდრე ბერიშვილს, რომან ბელქანიასა და თორნიკე კვირიკაშვილს მოსკოვის სასამართლომ სხვადასხვა ვადით პატიმრობები შეუფარდათ.


მირიან ბოქოლიშვილი


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner