პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფკავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი მიესალმება პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ 15 აპრილს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განცხადებას განათლების სისტემაში ფუნდამენტალური რეფორმების ჩატარების აუცილებლობაზე. აღნიშნულზე დავითაშვილი განცხადებას ავრცელებს.
„დაწყებული 2013 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პირადად მინისტრი თამარ სანიკიძე არაერთხელ აცხადებდნენ და არწმუნებდნენ მთავრობას, პარლამენტს, საზოგადოებას, რომ მათ უკვე შემუშავებული აქვთ განათლების და მეცნიერების სისტემის ყველა დარგისათვის ჩასატარებელი რეფორმები.
სამწუხაროდ, დღემდე დაპირებული რეფორმების პროექტებს არ მიეცა რაიმე კონკრეტული ჩამოყალიბებული სახე და არც დაწყებულა მათი განხორციელება.
ჩვენთვის სამწუხაროა ის დამოკიდებულება, რისი მომსწრე ყველანი გავხდით ბოლო პერიოდში თბილისის სახელმწიფო და ტექნიკურ უნივერსიტეტებში განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც მინისტრი თ. სანიკიძე დაჰპირდა სტუდენტებს, რომ გაითვალისწინებდა მათ მოთხოვნებს და სათანადო ცვლილებებით კანონპროექტს „უმაღლესი განათლების შესახებ" შეიტანდა საქართველოს პარლამენტში.
ამავე დროს მიუღებელია სამინისტროს პოზიცია ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის მესამე ვადით არჩევასთან დაკავშირებით და მისი პოზიცია, რომ არ დარღვეულა კანონი და სამართლიანად არის ა. ფრანგიშვილი რექტორის თანამდებობაზე.
ამდაგვარი უკანონო და ცრუ პოზიციების გამო ისევ დაიძაბა ვითარება სახელმწიფო უნივერსიტეტში და სტუდენტების მოთხოვნებს სოლიდარობა გამოუცხადეს და შეუერთდნენ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, აგრეთვე ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე პროფესორები.
მისასალმებელია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ოპერატიულად გამოეხმაურა „აუდიტორია 115"-ის სტუდენტთა თხოვნას და 17 აპრილს თავად ეწვია თსუ-ს, შეხვდა სტუდენტებს, გაეცნო მათ მოთხოვნებს და განუცხადა, რომ გადაწყვიტა, თავად სათავეში ჩაუდგეს სამუშაო ჯგუფს, რომელიც განიხილავს უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებს.
საპარლამენტო არჩევნების წელს დაუშვებელია რაიმე მღელვარების და არეულობის მცდელობის შემოტანა, რასაც ასე მოელიან ქვეყნის შიდა და გარე მტრები. განათლებაში რეფორმების დაგეგმვას და განხორციელებას პირველ რიგში ესაჭიროება განათლების და მეცნიერების სამინისტროში სათანადო საკადრო ცვლილებების განხორციელება, რასაც დიდი ხანია ელოდება განათლების სისტემა, საზოგადოება და რაშიც დარწმუნებულია პრემიერ-მინისტრი", - აცხადებს დავითაშვილი.