„დინამო არენაზე" გულშემატკივარებმა 200-მდე სკამი გაანადგურეს.
ვანდალური აქტი თბილისის „დინამოსა" და ქუთაისის „ტორპედოს" საჩემპიონო მატჩის დასრულებისას იმ ტრიბუნაზე მოხდა, რომელზეც „ტორპედოს" გულშემატკივრები იმყოფებოდნენ.
გულშემატკივრებმა სკამების ნამტვრევებისა და სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს. მატჩის მსვლელობისას „ტორპედოს" სექტორიდან რამდენჯერმე ისროლეს პეტარდები. ყველაზე შეურაცხმყოფელი კი გულშემატკივართა ერთი ნაწილის შეძახილები გახდა, მათ შორის იყო მოწოდება სტადიონის დაწვის შესახებაც.
მომხდარზე სავარაუდოდ ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტიც იმსჯელებს, თუმცა დღეს არც „დინამოს" და არც „ტორპედოს" ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს.