„საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, ევროპისა და აზიის მთავარ დამაკავშირებელ რგოლად იქცეს",- ამის შესახებ აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ლიუ იანზონგმა პირველ არხთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა.
ლიუ იანზონგი არის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი, რომელიც თბილისში დაგეგმილი ფორუმის „ერთი გზა და ერთი სარტყელი" მონაწილეებს მიმართავს.
საერთაშორისო ფორუმი თბილისში ხვალ გაიხსნება. მანამდე კი პირველ არხთან საუბარში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესგაერთიანების თავმჯდომარემ „აბრეშუმის გზის" ინიციატივაში საქართველოს მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
- რითია გამორჩეულად მნიშვნელოვანი საქართველო „ერთი სარტყელი და ერთი გზის" პროექტის მონაწილე ქვეყნებისთვის?
- საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობდა უძველეს „აბრეშუმის გზაზე". თქვენს ქვეყანას აქვს დიდი ისტორია და უძველესი კულტურა. დღეს საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა აქვს, რომელიც ევრაზიის კონტინენტს ერთმანეთს აკავშირებს. ადგილმდებარეობის გარდა, საქართველოს აქვს მიმზიდველი ბუნება, მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა. თქვენი მთავრობის დამსახურებით კი, საქართველს ხელსაყრელი ბიზნესგარემო აქვს. ყველა ამ უპირატესობის გათვალისწინებთ, საქართველო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ინიციატივაში. სწორედ ის შეიძლება გახდეს ევრაზიის კონტინენტის მთავრი დამკავშირებელი რგოლი.
- რა პროექტები უნდა განხორციელდეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უფრო მეტმა ტვირთმა გაიაროს და სატრანზიტო დერეფანი უფრო ეფექტური გახდეს?
- „ერთი სარტყელი და ერთი გზის" ინიციატივა, რომლის ავტორია ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ხუთ დამაკავშირებელ რგოლს მოიცავს. ეს გულისხმობს კავშირს პოლიტიკაში, ინფრასტრუქტურაში, ვაჭრობასა და კომერციაში, ასევე ფინანსებსა და ადამიანებს შორის კავშირს.
ინიციატივა დაფუძნებულია ორმხრივ გაგებასა და ნდობაზე, განათლებასა და სამუშაოზე, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლოა. ჩვენ მშვიდობიანი თანამშრომლობის პრინციპებს ვიცავთ. ამიტომ, „ერთი სარტყელი და ერთი გზის" ინიციატივას მთელი მსოფლიო აღიარებს.
ჩამოთვლილი ხუთი დამაკავშირებელი რგოლიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის სატრანსპორტო სისტემა. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურის მშენებლობა. საუბარია გზატკეცილებზე, პორტებზე, აეროპორტებსა და საკომუნიკაციო საშუალებებზე. ამასთან, არ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მხოლოდ საქართველოზე, მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანა და რეგიონი, რომლებიც „ერთი სარტყელის" ფარგლებში ხვდება.
სხვა ქვეყნებთან კოორდინაცია აუცილებელია. მაგალითად, საბაჟო პოლიტიკის კუთხით. ეს საჭიროა, რომ პროექტის მონაწილე სახელმწიფოები ერთმანეთს იოლად და უფრო სწრაფად დაუკავშირდნენ. მოხარული ვარ, რომ საქართველომ გადაწყვიტა, ლოჯისტიკურ ცენტრად იქცეს, რომელიც ევროპას აზიასთან დააკავშირებს. მჯერა, საქართველოს უფრო დიდი პოტენციალი აქვს და სრულიად შესაძლებელია, საერთაშორისო ლოჯისტიკურ ცენტრად გარდაიქმნას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველო „ერთი გზისა და ერთი სარტყელის" პროექტის აქტიური მონაწილე უკვე არის. არის „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. აქვე ვულოცავ საქართველოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას. ეს რკინიგზა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ სარკინიგზო სისტემის, რომელიც რეგიონის ქვეყნებს ერთმანეთთან დააკავშირებს. მსგავსი პროექტები უბიძგებს სხვა ქვეყნებს, მათ შორის ჩინეთსაც, რომ პროდუქციის სხვა ბაზებზე ექსპორტი საქართველოს გავლით მოახდინონ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე" განაცხადა, „ერთი სარტყელის და ერთი გზის" ხედვას ხორცი უნდა შევასხათ. ეს პროექტი ამ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს ბევრ სარგებელს მოუტანს.
- რამდენად ხელსაყრელი და მნიშვნელოვანია საქართველოს დერეფანი უშუალოდ ჩინეთისთვის და რა იგეგმება ამ კუთხით?
- საქართველოსა და ჩინეთს კომერციული და ვაჭრობის კუთხით მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვთ. ამას გარდა, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ეკონომიკის, ტრანსპორტისა და სხვა სფეროებშიც. უფრო რომ დავაკონკრეტო, ხაზს გავუსვამდი ტურიზმს. მხოლოდ შარშან ჩინელი ტურისტების რაოდენობამ საზღვარგარეთ 120 მილიონს გადააჭარბა. ეს რიცხვი კვლავ სწრაფად იზრდება. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მიმზიდველობას, ხელსაყრელ ბიზნესგარემოსა და ბუნებრივ რესურსებს, მაშინ ცხადია, რომ ტურიზმის სფეროში დიდი პოტენციალი არსებობს.
- რა კონკრეტულ პროექტებზე შეიძლება იყოს საუბარი საქართველოს შემთხვევაში? რა სარგებელს მიიღებენ ბიზნესი, მოქალაქეები?
- ვგეგმავთ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის ინიცირებას, რაც საქართველოს ევრაზიის რეგიონში სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ცენტრად აქცევს.
ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობას. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ საქართველოს ღვინის წარმოების დიდი ისტორია აქვს. საქართველოში საუკეთესო კლიმატური პირობები და შესანიშნავი ვენახებია.
აღსანიშნავია ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც საქართველო მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებს. ეს არის ერთ-ერთი იმ ბიზნესიდან, რომელიც შესაძლოა, ჩინეთში გავიტანოთ. მოხარული ვარ გაგიზიაროთ, რომ ჩვენი ძალისხმევით, ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმატებით მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი გაიზრდება.
აქვე გეტყვით, რომ „აბრეშუმის გზის ვაჭრობის საერთაშორისო პალატა" 75 ქვეყნის 90 ორგანიზაციას აერთიანებს. ჩვენ მილიონობით მეწარმეს ვაკავშირებთ ერთმანეთთან. გვაქვს შექმნილი რვა პლატფორმა, რომლითაც ბიზნესს ვეხმარებით, ასევე ხელს ვუწყობთ კულტურულ გაცვლას წევრ სახელმწიფოებს შორის; არსებობს ინტერნეტპლატფორმა ESilkroad, საერთაშორისო განვითარების ფონდი, აბრეშუმის გზის ტრანსნაციონალური ფინანსური ლიზინგის ალიანსი და სხვა.
ვმუშაობთ სხვა ინოვაციურ პლატფორმებზე, რათა ხელი შევუწყოთ, განვავითაროთ ვაჭრობა. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სავაჭრო პალატა ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია და დღესაც მნიშვნელოვან. აქტიურ როლს თამაშობს ჩვენს საქმიანობაში. მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვიღებთ საქართველოს მთავრობისგან, თავის მხრივ ჩვენი ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო წარვადგინოთ, როგორც ძლიერი საერთაშორისო მოთამაშე.
- აქვე გკითხავთ დაფინანსების მოდელზე. როგორი მოხდება ეს, ანუ ამ პროექტებში წილობრივი მონაწილეობით შემოხვალთ თუ კრედიტის გამოყოფა იგეგმება?
- როგორც ვიცით, საქართველომ და ჩინეთმა მაისში მოაწერეს ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას და იმპლემენტაციის პროცესს თვალ-ყურს ვადევნებთ. არსებობს რამდენიმე პროექტი, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია და მისი წევრები ავითარებენ. ვეცდებით, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ამ პროექტებში. რაც შეეხება დაფინანსების მოდელს, ჩვენ გაქვს საერთაშორისო განვითარების ფონდი, ასევე ტრანსნაციონალური ფინანსური ლიზინგის ალიანსი. უკვე ვთანამშრომლობთ საქართველოს საპარტნიორო ფონდთან. შევქმენით ერთობლივი პროდუქტი, რათა მოვიზიდოთ ინვესტიციები სამომავლო პროექტებისთვის.
ასევე, ხელს მოვაწერთ შეთანხმებას ჩვენს პარტნიორებთან „ტრანსნაციონალური ფინანსური ლიზინგის ალიანსში". საქართველოში ჩვენ თან გვახლავს ბიზნესმენების დელეგაცია ჩინეთიდან. როგორც ვიცი, ისინიც აწარმოებენ დისკუსიას ქართველ კოლეგებთან, რომ რამდენიმე პროექტი განახორციელონ. მათ შორის არის პროექტი ღვინის ბიზნესში, ასევე საუბარია მინერალური წყლის ჩინეთში ექსპორტის შესახებ, ასევე კურორტებთან დაკავშირებით და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაზე.
ასე რომ, აქტიურად ვეძებთ ჩინეთში ბიზნესმენებს, რომლებსაც დავაინტერესებთ საქართველოთი. მჯერა, რომ თბილისის ფორუმი, რომელიც ხვალ გაიხსნება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. მსგავსი ფორუმების საშუალებით საქართველოს შეუძლია შესაძლებლობების კონსოლიდაცია მოახდინოს, რათა საერთაშორისო სატრანსპორტო ჰაბად და ლოჯისტიკურ ცენტრად გადაიქცეს.
- „ერთი სარტყელი და ერთი გზის"პროექტის გარდა, ასევე არსებობს რუსული პროექტი "ჩრდილოეთი-სამხრეთი", ხომ არ არის ეს ორი პროექტი ერთმანეთის კონკურენტი?და არსებობს თუ არა ამ კუთხით რისკები საქართველოსთვის?
- უნდა დავუბრუნდეთ, „ერთი სარტყელი და ერთი გზის" მთავარი პრინციპი, ეს არის მშვიდობიანი თანამშრომლობა, გამჭვირვალობა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინება. ჩვენი ინიციატივის მიზანია, რომ ეკონომიკის ზრდისგან მიღებული სარგებელი ყველამ მიიღოს. თითოეულ პროექტს აქვს სხვადასხვა შესაძლებლობა და განსხვავებული სტრატეგიული მისია. ჩვენ ვაწარმოებთ დიალოგს ქვეყნებთან, პოლიტიკური თუ სტრატეგიული დაგეგმარების კუთხით. მთავარი კი არის პრინციპი, რომ ყველა მონაწილემ უნდა მიიღოს სარგებელი. ჩვენი ინტერესები გადაჯაჭვულია, ვგულისხმობ არა მხოლოდ საქართველოსა და ჩინეთს, არამედ სხვა ქვეყნებსაც. ინიციატივა უნდა განხორციელდეს მრავალი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. „აბრეშუმი გზა" უძველეს დროიდან იყო მშვიდობისა და ჰარმონიის გზა. ეს გზა ხელს უწყობდა გაცვლას ცივილიზაციებს შორის, ბიზნესსა და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, სხვადასხვა კულტურათა შორის კავშირების გამყარებას. ასე რომ, პროექტების რეალიზაციის დროს ეს უნდა გავითვლისწინოთ.
- არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ხშირად საუბრობენ, ეს არის კასპიის ზღვა, რომელიც დიდი ზომის ბორნებს ვერ ატარებს. ხომ არ შეუშლის ხელს ეს „ერთი სარტყელი და ერთი გზის" მონაწილეებს გეგმების რეალიზაციაში?
- ძველ დროში გაცილებით ნაკლები ტექნოლოგია და მწირი შესაძლებლობა გვქონდა. დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. არსებობს უამრავი საშუალება რეგიონების და ქვეყნების დასაკავშირებლად. თუ თითოეული მონაწილე ქვეყანა გადახედავს შესაძლებლობებს, აუცილებლად იპოვის საუკეთეს გზას, რომლითაც შეუძლია ითანამშრომლოს „ერთი გზისა და ერთი სარტყელის" პროექტში.
აღსანიშნავია, რომ „ერთი გზის" ინიციატივა არის უფრო ფართო პროექტი, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ სატრანსპორტო სისტემას. არსებობს მრავალი სფერო, რომელშიც თანამშრომლობაც შესაძლებელია. მაგალითად, საქართველოს შეუძლია, სრულად გამოიყენოს საკუთარი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის უპირატესობა და ამ კუთხით უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველო ასე გააგრძელებს, ეს თქვენს ქვეყანას დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს და შესაბამისად გაუმჯობესდება მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობებიც.
- და ბოლოს, ვიცით, რომ ხვალინდელი ფორუმის დროს იგეგმება რამდენიმე მემორანდუმის გაფორმება, თუ შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად გვითხრათ ამის შესახებ და ზოგადად,რა იქნება ამ ფორუმის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი და მიღწევა საქართველოსთვის?
- ჩვენ ჩავატარეთ „აბრეშუმის" გზის ფორუმი და ასეთი ფორუმები იქნება ყოველწლიური. ვფიქრობ, ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი, რომლითაც საქართველო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს. ის აჩვენებს, რომ „ერთი გზისა და ერთი სარტყელის" ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების ერთგულია. საქართველოსთვის ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ პროექტის განვითრებასთან ერთად ჩვენ უფრო მეტი მონაწილე ქვეყანა დაგვემატება. საბოლოო ჯამში კი, ეს ინიციატივა გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს და მთელ მსოფლიოში ყველა მოქალაქეს მოუტანს სარგებელს.