2017 წლის 28-29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ტარდება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის აბრეშუმის ფორუმის გაგრძელებაა და წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის ბიზნესთან დიალოგის და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას.
2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად თბილისში ჩამოდის 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის და მოლდოვის პრემიერ მინისტრები, რამდენიმე ქვეყნის ვიცე პრემიერები, სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დიპლომატიური კორპუსების და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო, მსოფლიო საფოსტო კავშირი, რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია, ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიურო და ა.შ.) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები.
თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ბიზნესმენები, კერძოდ, ბიზნესსექტორის 1100 წარმომადგენელი, მათ შორის 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 28 ნოემბერს 9.30 საათზე გაიხსნება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში მისასალმებელი პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის". ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნის საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს, მათ შორის: საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ციენ ქემინგი ხელს მოაწერენ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ზონების განვითარებასა და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი მიზნად ისახავს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის, ინვესტიციებისა და საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით, საწარმოებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის მშენებლობას და სამრეწველო კლასტერების გაძლიერებას.
ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერება შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და ბაქოს საზღვაო ნავსადგურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ამით სამხრეთ კავკასიის ორი უდიდესი პორტი ერთმანეთს დაუკავშირდება. ასევე ხელი მოეწერება მემორანდუმს საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს (GIG) და საპარტნიორო ფონდს შორის გარდაბნის 300 მგვტ-იანი სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტის განხორციელების პროცესში ჩინური კონცერნის „See Power"-ის მონაწილეობის შესახებ.
აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში 28-29 ნოემბერს ათი პანელი გაიმართება:
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები და ჟურნალისტები: მერილენდის უნივერსიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი ანილ გუფთა, Reuters-ის მთავარი რედაქტორი აქსელ თრელფოლი, BBC World News ახალი ამბების წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი, E. Treanor Media-ს აღმასრულებელი დირექტორი ეითნი თრინორი, Pillsbury Winthrop Shaw Pittman-ს მრჩეველი მეთიუ ორსმენი, Deutsche Welle TV-ს მთავარი პოლიტიკური კორესპონდენტი მელინდა კრეინი, ცნობილი მედიაკონსულტანტი იან ბიურელი და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობისა და ოპერაციების კოორდინაციის განყოფილების დირექტორი საფდარ პარვეზი.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს 100-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს - როგორც ქართული, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლები, მათ შორის: Euronews, BBC, Bloomberg, Deutsche Welle, The Economist, Al Jazeera, The Guardian და ა.შ.