საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ორპირი-ცუცხვათი-მღვიმეს 10.5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ასრულებს.
ორპირი-ცუცხვათი-მღვიმეს მონაკვეთი განლაგებულია იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გადის შემდეგ სოფლებს: ორპირი, კოკა, ოხომირა და ცუცხვათი. სარეაბილიტაციო გზა იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული- ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-9 კილომეტრზე მდებარე გადასახვევიდან და სრულდება სოფელ ცუცხვათთან. ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ განხორციელებულა და გზა თითქმის სრულად ამორტიზებული იყო.
ამ დროისათვის მონაკვეთზე, ცემენტ-ბეტონის საფარის, გვერდულების, კიუვეტების, საგზაო ნიშნების, ავტოპავილიონების, ფოლადის ბაგირების, პარაპეტების, მიერთებების და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, აგრეთვე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
აღნიშნული მონაკვეთით მივდივართ ისტორიული ცუცხვათის ციხის ნანგრევებთან და კასტრული მღვიმისკენ მიმავალი მთის ბილიკის დასაწყისთან, რაც ტურისტული თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია: გზის საფარის, ხელოვნური ნაგებობების და მონაკვეთზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია. მოეწყობა გაბიონის საყრდენი კედლები, გზის კუთვნილება და მოწყობილობა. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად და მძღოლთა სრულყოფილი ორიენტაციის მიზნით გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა, მიმმართველი ბოძკინტების დაყენება და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.
არსებული მღვიმეების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, სარეაბილიტაციო გზის ბოლო მონაკვეთზე მოსაწყობი საპროექტო გზის სიგრძე 274მ-ით შემცირდა. მის ნაცვლად, აღნიშნულ მონაკვეთზე კეთილმოწყობილი საფეხმავლო ბილიკი და ავტომანქანების სადგომი მოეწყო. ბილიკი გრანიტის ძელურებით (ე.წ „ბრუშატკა") მოპირკეთდა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 971 600 ლარია. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 180 ადამიანი.
იმერეთის რეგიონში 2017 წელს დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების 131 პროექტი. აშენდა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 19 კმ-იანი საავტომობილო გზის მონაკვეთი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 200კმ-მდე საავტომობილო გზას.