ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის ბრალდებული თ.ზ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი თ.ზ. ქ.ბათუმში, გ.ტაბიძის ქუჩაზე „მერსედესის" მოდელის ავტომობილს მართავდა, რა დროსაც დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონი და „ოპელის" მოდელის ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „ოპელის" მძღოლი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. თ.ზ. მიემალა გამოძიებას.
2017 წლის 31 იანვარს თ.ზ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში), აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სამართალდამცველებმა თ.ზ. 2017 წლის 12 ოქტომბერს სარფის საბაჟო საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დააკავეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ თ.ზ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.