logo_geo
eng_logo
„საქართველოში აჰმედ ჩატაევი მიხეილ სააკაშვილმა ჩამოიყვანა“
- +

28 ნოემბერი. 2017. 13:47

 

 

„უჩა ნანუაშვილის ლობიზმით საქართველოდან წასული აჰმედ ჩატაევი მალევე შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა განსაკუთრებით საშიშ ტერორისტთა სიაში შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ჩატაევი გახლდათ ორგანიზატორი გასული წლის 28 ივნისს სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული ტერორისტული აქტის. მაშინ ტერორისტულ თავდასხმას 36 ადამიანი ემსხვერპლა, 147 კი დაშავდა", - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" სტატიას აქვეყნებს.  

 

„რა გზა გაიარა ჩატაევმა „ისლამურ სახელმწიფომდე"? ინტერნეტრესურსებში მის შესახებ არაერთი ინფორმაცია მოიპოვება. ზოგი მას განსაკუთრებით საშიშ ტერორისტად მოიხსენიებს, ზოგი - ჩეჩენ მეამბოხედ, ზოგი კი - სპეცსამსახურების აგენტად.

 

რეალურად, არცერთი ეს ვერსია სიმართლისგან შორს არ არის. 37 წლის აჰმედ ჩატაევი (იგივე აჰმედ შიშანი) ცნობილი ჩეჩენი მებრძოლია. მისი სახელი ფიგურირებს ლაფანყურის გახმაურებულ საქმეში. მაშინ ჩატაევი ფეხში დაიჭრა, რის გამოც ქვედა კიდურის ამპუტაცია გახდა საჭირო.

 

დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, საქართველოში ჩატაევი მიხეილ სააკაშვილმა ჩამოიყვანა.

 

„აჰმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო და ის სააკაშვილისგან გიორგი ლორთქიფანიძის მეშვეობით იღებდა დავალებებს. მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქის ოპერატიული პასპორტი და ჩვენი უშიშროების დავალებებით სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებდა. ის მიდიოდა მივლინებებში, იღებდა ხელფასს, შესაბამის გასამრჯელოს, სამივლინებოს და ის მუშაობდა სააკაშვილზე. ჩატაევი უკრაინაში დააკავეს და მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ჩათვალა საჭიროდ ამ პირის გამოყენება გარკვეული მიზნებისთვის.

 

მას უცებ შეუკერეს საქართველოში საქმე და დააბრალეს, თითქოს ვიღაც ადამიანი მოკლა საქართველოში, მაშინ როდესაც შესაბამისი დოკუმენტებით მტკიცდებოდა, რომ ის საქართველოში მანამდე არასდროს ყოფილა. ჩამოიყვანეს, ეს ყველაფერი საათებში მოხდა. უკრაინის ხელისუფლებას, სავარაუდოდ, შეუთანხმდნენ, ჩამოიყვანეს, მოუხსნეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და სწორედ ამ გზით გახდა ის უშიშროების აგენტი და იღებდა დავალებებს", - განაცხადა სესიაშვილმა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გია ლორთქიფანიძემ „the Daily Beast"-თან მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ აჰმედ ჩატაევი ნამდვილად მისი ინფორმატორი იყო. მისი თქმით, ჩატაევი თავდაპირველად ჩრდილოეთ კავკასიის ისლამისტური იატაკქვეშეთის დაჯგუფებებთან მოდერატორის ფუნქციას ასრულებდა. ლორთქიფანიძის თქმით, ერთ წელიწადზე მეტი ის ინფორმატორის მუშაობით კმაყოფილი იყო, თუმცა შემდგომ ჩატაევმა მათ წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო და ის დააკავეს", - წერს „პრაიმტაიმი".









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner