ტელეკომპანია „მაესტროს" დირექტორი ზურაბ ნაყეური გაზეთ „პრაიმტაიმთან" საუბრისას ამბობს, რომ დამფუძნებელთა ორივე მხარეს აქვს საერთო ინტერესი - გემი, რომელიც იძირება, არ წავიდეს ფსკერისკენ და დარჩეს ზედაპირზე.
„ტელეკომპანია „მაესტროს" დირექტორად დანიშვნამდე გავესაუბრე დამფუძნებელთა ორივე მხარეს: ძმებ გაჩეჩილაძეებსა და მაკა ასათიანს. ამ ორი შეხვედრით მივხვდი, რომ ორივე დამფუძნებელს აქვს საერთო ინტერესი - გემი, რომელიც იძირება, არ წავიდეს ფსკერისკენ და დარჩეს ზედაპირზე. არც ერთს არ აქვს პრეტენზია ტელევიზიასთან სარედაქციო კუთხით. ორივე მიიჩნევს, რომ კადრები მათთვის ძვირფასია და უნდა შენარჩუნდეს, ოღონდ საერთო კანდიდატის, ანუ ჩემს მიერ მართვა უნდა იყოს ობიექტური და გამჭვირვალე. ორივე მხარეს ინფორმაციასთან სრული წვდომა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ დროს. ეს ნორმალურიცაა, ვინაიდან ყველა დამფუძნებელს, რომელსაც აქვს ერთი პროცენტი და მეტი, სრული უფლება აქვს, ეს ინფორმაცია მიიღოს. ამას კანონმდებლობაც ითვალისწინებს", - ამბობს ზურაბ ნაყეური.