გვეტაძის ქუჩა #8-ში მცხოვრები ირინე ბაგაური თბილისის მერს დავით ნარმანიას და მერიის შესაბამის სამსახურებს მისი პრობლემით დაინტერესების თხოვნით მიმართავს.
როგორც ბაგაური აცხადებს, 2014 წელს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებით კუთვნილი სხვენის სახურავზე ე.წ. სამერცხულების მშენებლობა ბანკიდან აღებული სესხით განახორციელა, რისთვისაც ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი ერთოთახიანი ბინა დაიტვირთა იპოთეკით.
მისივე თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ოჯახი 8000 ლარით და შენობის აუცილებელი დემონტაჟით დააჯარიმა. ბაგაური აცხადებს, რომ დემონტაჟის შემთხვევაში, ირღვევა მესაკუთრეთა კონსტიტუციური უფლება. გარდა ამისა, აბსოლუტურად შეუსაბამოა 8000 ლარით დაჯარიმება იმ დროს, როცა მრავალსართულიანი სახლის მშენებლობისას დაშვებული არქიტექტურული უზუსტობის გამო აჯარიმებენ მხოლოდ 4000 ლარით, დემონტაჟის გარეშე.
„2014 წლის თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებით განვახორციელეთ ჩვენი კუთვნილი სხვენის სახურავზე ე.წ. სამერცხულების მშენებლობა, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის და სანებართვო პირობების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებაში 2011 წლის 11 აგვისტოს #315 დადგენილებით შესული ცვლილებების თანახმად, კერძოდ განსახორციელებელი სამუშაოები განეკუთვნებოდა პირველი კლასის ობიექტს და არ ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვა და საპროექტო დოკუმენტაცია. ამიტომ ჩვენ კუთვნილ სხვენში განვახორციელეთ ე.წ. სამერცხულების მშენებლობა, ქალაქ თბილისის სსიპ არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი საპროექტო ფოტომონტაჟის საფუძველზე მითითებული ზომების ზუსტი დაცვით.
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის ცალკე გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილება #1093779) შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე გავჭერით სადარბაზოების კიბის უჯრედები და გავაკეთეთ სხვენში ასასვლელი კაპიტალური კიბებეები. ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები წარვადგინე საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში, სადაც ბინებს მიენიჭა ნომრები, (სხვენი #33ა და სხვენი #34ა) შესაბამისი საკადასტრო კოდებით 01.13.05.012.020.01.034ა და 01.13.05.012.020.01.033ა და აღირიცხა საკუთრების უფლებით ხვიჩა შაშიაშვილის სახელზე.
დღევანდელი, მატერიალური გაჭირვების პირობებში მშენებლობა ვაწარმოე ბანკიდან აღებული სესხით, რითაც უკიდურესად გავირთულე ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა. ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა, რომელიც წარმოადგენს ჩემი ოჯახის ერთადერთ საცხოვრებელს, აღნიშნული სესხისთვის დაიტვირთა იპოთეკით, რომელსაც დღესაც ვფარავ.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით დაგვაჯარიმეს 8000 ლარით და შენობის აუცილებელი დემონტაჟით შენობის სახურავის ქანობის დაუცველობის გამო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მშენებლობა პროექტირებას არ საჭიროებდა და საჭირო იყო მხოლოდ ფოტომონტაჟი, რომელზედაც არ არის მითითებული ფანჯრებს შორის შეჭრის სიღრმე და არც რაიმე განმარტებითი ბარათი.
აღსანიშნავია, რომ პროექტს გაცემის დროს თან ახლავს განმარტებითი ბარათი, რომელშიც მშენობლობის პარამეტრები პოპულარულ ენაზეა განმარტებული. შესაბამისად ფოტომონტაჟიდან, რომლის საფუძველზეც მოხდა მშენებლობა, შეუძლებელია გაარკვიო ქანობის დაცვის აუცილებლობა, რაც გახდა ჩვენი დაჯარიმების საფუძველი. ყოველივე ეს იყო საკანონმდებლო ხარვეზი, რის გამოც დღეს უკვე სამერცხულების მშენებლობა მოითხოვს საპროექტო დოკუმენტაციას და სამშენებლო ნებართვას.
ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, პირველი კლასის ნაგებობით არ იზრდება ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართი, ანუ არ წარმოიშობა ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგანი, შესაბამისად, მოწყობილი სამერცხულები არ ექვემდებარება საკუთრები უფლებით რეგისტრციას. ჩვენ შემთხვევაში და ქალაქის მასშტაბით თითქმის ყველა ანალოგიური ნაგებობა რეგისტრირებულია საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში. დემონტაჟის შემთხვევაში, რომელსაც აუცილებლად ითხოვს მერიის ზედამხედველობის სამსახური, ირღვევა მესაკუთრეთა კონსტიტუციური უფლება. გარდა ამისა, აბსოლუტურად შეუსაბამოა 8000 ლარით დაჯარიმება იმ დროს, როცა მრავალსართულიანი სახლის მშენებლობისას დაშვებული არქიტექტურული უზუსტობის გამო აჯარიმებენ მხოლოდ 4000 ლარით, დემონტაჟის გარეშე. (ალექსიძის ქუჩაზე 12 სართულის ნაცვლად 22 სართულის აშენებისათვის მშენებელი დაჯარიმდა მხოლოდ 4000 ლარით დემონტაჟის გარეშე)
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე და საკანონმდებლო ხარვეზის გამო, არ უნდა მოხდეს ჩემი დაჯარიმება, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩემს ოჯახს და ბინის პირობების გაუმჯობესების ნაცვლად, საერთოდ უბინაოდ დავრჩე", - აცხადებს ბაგაური.