logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი ახმედ ჩატაევზე: ციხიდან გამოშვების საკითხი სჯობდა გადაეწყვიტა მოსამართლეს და არა პროკურორს
- +

29 ნოემბერი. 2017. 18:20



საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ის წინააღმდეგი იყო, ახმედ ჩატაევი პროკურატურას პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა. მისი თქმით, ციხიდან გამოშვების საკითხი სჯობდა გადაეწყვიტა მოსამართლეს და არა პროკურორს.

 

„მე არ ვთვლიდი, რომ იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის გამოც ბატონი ჩატაევი იმ დროს იყო ციხეში, პროკურატურას ბრალი უნდა შეეწყვიტა, მე ვთვლიდი, რომ პროკურატურას ბრალდების მხარდაჭერა, თუკი ასე შეიძლება სალაპარაკო ენაზე ითქვას, გაეგრძელებინა, ანუ ბრალდება სასამართლო დარბაზში გაგრძელებულიყო და მოსამართლეს მიეღო გადაწყვეტილება, თუკი პროკურატურას არ ექნებოდა საკმარისი მტკიცებულებები, სასამარათლო გაამართლებდა ჩატაევს. იმ დროს უკვე სასამართლო იწყებდა დამოუკიდებლობის გზაზე სიარულს და გამართლებებიც მრავლად ჰქონდა, პროკურატურის ჭკუაზე აღარ დადიოდა. და თუკი პროკურატურას ექნებოდა მტკიცებულებები, ის გამტყუნდებოდა. ეს იყო ჩემი ძალიან მარტივი, სამართლებრივი პოზიცია. თუმცა მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა, მიუხედავად მაშინდელი არსებული კანონისა, ჩვენ პირველივე დღიდანვე შევთანხმდით, მე როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი, მის საქმიანობაში არ ჩავერეოდი და ნამდვილად პირნათლად ვიცავდი ამ ჩემს დაპირებას, მანამ, სანამ კანონის ძალითაც უარვყოფდი ჩემს საპროკურორო უფლებამოსილებებს და მან მიიღო დამოუკიდებლად ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო... ბრალი იქნა შეწყვეტილი. ამის მეტი მე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არც საჯაროდ და ამაზე არაფერი მაქვს სათქმელი და დასამატებელი, ერთადერთი მე ვთვლიდი, რომ სასამართლოს უნდა განესაჯა, იყო თუ არა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატაევის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები. მაშინ ასევე ისმოდა ჩატაევის რუსეთში ექსტრადიციის საკითხი და აქ მე მინდა ღიად ვთქვა, რომ მე ვიყავი წინააღმდეგი, იმ ეთნოსის წარმომადგენელი, რომლის წარმომადგენელიც ბატონი ჩატაევი იყო თუ არის (არ ვიცით ჯერ, თუ ცოცხალია, ამას ექსპერტიზა გვიჩვენებს), არ ყოფილიყო გადაცემული რუსეთისთვის, ეს არის და იყო ყოველთვის ჩემი სამართლებრივი თუ, გნებავთ, მოქალაქეობრივი პოზიცია, თუნდაც იმ ჩატაევის და 12 ჩეჩენის, ქისტის საქმიდან გამომდინარე, რომლის განაჩენზეც მე ვმუშაობდი სტრასბურგის სასამართლოში მუშაობისას. ეს ორი თემა იყო, რასაც მე არ ვემხრობოდი, ექსტრადიციის საკითხი, რასაც მე არ ვემხრობოდი, მის გადაცემას რუსეთისთვის და რაც შეეხება ციხიდან გამოშვებას, ვთვლიდი, რომ სჯობდა, ეს გადაეწყვიტა მოსამართლეს, ვიდრე პროკურორს და ვთვლი, რომ ეს სწორი პოზიციაა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner