logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: ტექდათვალიერების სისტემა მთლიანად იყო მოშლილი!
- +

30 ნოემბერი. 2017. 10:08


 

„ჰაერის დაბინძურება გამოწვევად რჩება არა მარტო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის, არამედ განვითარებული სახელმწიფოებისთვისაც",- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში მთლიანად იყო განადგურებული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი.


„ჰაერის დაბინძურებას სხვადასხვა მიზეზი იწვევს. ესაა მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. რადიკალური ნაბიჯების გადადგმის გარეშე, სამწუხაროდ, ჩვენ რეალურ შედეგს ვერ მივაღწევთ იმ ქაოტური განაშენიანების, ტრანსპორტის განვითარების, ლანდშაფტური მწვანე განვითარების ფონზე, რაც წლების განმავლობაში ქვეყანაში არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა ვითარებამ შექმნა.

 

საბიუჯეტო სახსრებითა და დონორების დახმარებით, ეს სისტემა ნელ-ნელა, ეტაპობრივად აღდგა და დღეს გვაქვს საშუალება, საქართველოს 6 დიდ ქალაქში მონიტორინგი ვაწარმოოთ. ესაა სწორედ რადიკალური ნაბიჯი", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.


მაია ბითაძემ ავტომობილების ტექდათვალიერების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავტომობილების ტექდათვალიერების შემოღება მუნიციპალური ტრანსპორტისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იქნება.


„თბილისის მერიის გაზრდილი ბიუჯეტი მაქსიმალურად იქნება მიმართული, მათ შორის, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაიარაღებისთვის. აქვე მინდა ვთქვა, რომ წელს პირველი არჩევნები იყო, როცა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ყველაზე დიდი სოციალური მოთხოვნა გაჩნდა, რადგან ადამიანები მიხვდნენ, რომ სოციალური დახმარებები, ჯანდაცვის ამოუვსებელი ქვევრი, რომელიც არასდროს არ ამოივსება, სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ ადამიანები ჯანსაღ ჰაერს არ სუნთქავენ.

 

შესაძლოა, გარკვეულმა ადამიანებმა ვერ შეძლონ თავიანთი ავტომობილების ტექდათვალიერების გავლა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ და მათი ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის ნაკლები პრობლემა ექნებათ.


რეალურად, ტექდათვალიერების სისტემა მთლიანად იყო მოშლილი. არსებობდა თეორიული ტექდათვალიერება დიდი მანქანებისთვის, რომელიც რეალურად არ მოქმედებდა, რადგან მოშლილი იყო ინფრასტრუქტურა. თუ ამ სისტემაზე ეტაპობრივად არ გადავედით, ერთი ხელის მოსმით არაფერი არ გაკეთდება. მიღებულ უნდა იქნას სამართლებრივი აქტები, რომელიც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უნდა დაემთხვეს - ობიექტებმა უნდა შეძლონ, ავტომობილები მიიღონ და ისინი შესაბამისი ტექდათვალიერებით უზრუნველყონ", - განაცხადა მაია ბითაძემ.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner