თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხი დღეს გადაწყდება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე იშუამდგომლებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით სრული ექსპერტიზის ჩასატარებლად, სასამართლომ აბესაძის საავადმყოფოში გადაყვანის განჩინება გამოსცეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ აბესაძეს დეტალური ექსპერტიზა ჩაუტარდება.
„სასამართლოს განჩინების გარეშე ოთარ აბესაძის საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოხდება, შესაბამისად, ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ მოხდეს მისი გადაყვანა და ჩაუტარდეს დამატებითი გამოკვლევები, რათა სასამართლოს ჰქონდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საბოლოო დასკვნა", - განაცხადა ჭკადუამ.
ოთარ აბესაძის საქმეზე სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.