logo_geo
eng_logo
ანა ნაცვლიშვილი: სტრასბურგის განაჩენში არ წერია, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია
- +

30 ნოემბერი. 2017. 13:26



ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ხელისუფლება და ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერები ცდილობენ, სათავისოდ განმარტონ ყოფილი პრემიერის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.


ნაცვლიშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ამბობს იმას, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია.

 

„პირიქით, გადაწყვეტილებაში ძალიან ცალსახად წერია, რომ მოსარჩლის არგუმენტისგან განსხვავებით - ვანო მერაბიშვილის დაკავება ემსახურებოდა პოლიტიკური სცენიდან ჩამოყვანას- არ დასტურდება. თუმცა სასამართლომ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა, რომელიც ძალიან სერიოზული და ყურადსაღები უნდა გახდეს სახელმწიფოსთვის. კონკრეტულად კი, სასამართლომ თქვა, რომ მერაბიშვილის დაკავების მიზანი გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიცვალა, ვინაიდან ეს გამოყენებულ იქნა სხვა საქმეებზე ინფორმაციის მისაღებად. ეს არ არის ის, რის გამოც ხელისუფლებას შეუძლია თავი დაიმშვიდოს, თითქოს არაფერი მომხდარა. ძალიან ცუდია ამ მუხლის დარღვევა. გამოძიების განახლებას რა შედეგი შეიძლება პრაქტიკაში მოჰყვეს, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ თავის დროზე უნდა გამოეძიათ ეს ამბავი. მაგრამ პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების დაკნინება ან ზედმეტად წარმოჩენა, რასაც ადგილი აქვს ორივე მხრიდან, ვფიქრობ, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შეფასებისგან დღეს თავი შეიკავა საქართველოში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა იანოშ ჰერმანმა. თუმცა ამ საქმეზე ილაპარაკა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.


სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 28 ნოემბერს გამოაცხადა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner