„მეგის ქარდავა ივანო-ფრანკოვსკიდან კიევში გადაიყვანეს", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა მიხეილ ლოტოცკიმ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ 24 ნოემბერს მიიღო.
„ის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც 24 ნოემბერს შედგა, კიევშია გადაყვანილი. ამიერიდან მის საქმეს კიევის პროკურატურა გაუძღვება", - აღნიშნა მიხეილ ლოტოცკიმ.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისი კიევში გადაყვანა უკრაინის უშიშროების სამსახურის მოთხოვნა იყო, რაც უსაფრთხოების ზომებით იყო ახსნილი.
„მეგის ქარდავას აღკვეთის ღონისძიება საექსტრადიციო პატიმრობით შეუცვალეს, ვინაიდან საქართველოდან საექსტრადიციო დოკუმენტები მოვიდა. საექსტრადიციო პატიმრობა ერთ წლიანია, რომლის განმავლობაში უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება მის ექსტრადიციაზე", - დასძინა მან.