ნადეჟდა სავჩენკო შიმშილობას წყვეტს. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გაავრცელა.
ირკვევა, რომ პეტრო პოროშენკომ რუსეთში საპატიმროში მყოფ უკრაინელ სამხედრო მფრინავს პირადად დაურეკა და შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა.
ნაწყვეტი უკრაინის პირველი პირის განცხადებიდან: „დავურეკე ნადეჟდა სავჩენკოს. პირადად გადავეცი მხარდაჭერისა და აღფრთოვანების სიტყვები. ასევე, გავაცანი რუსეთის პრეზიდენტთან გუშინდელი სატელეფონო საუბრის დეტალები და, დედასთან და დასთან ერთად, ვთხოვე შიმშილობის შეწყვეტა. დიდი მადლობა, რომ დამთანხმდი", - წერს პოროშენკო.
შეგახსენებთ, რომ განცხადებას წინ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი უძღვოდა, რის შემდეგაც პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ მან და რუსმა კოლეგამ სავჩენკოს გათავისუფლების წინასწარი გეგმა შეათანხმეს.