შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პირველადი მონაცემებით, ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ.
„ყველა დეტალი და ნიუანსი დღეის მდგომარეობით დგინდება. პირველადი მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო არალეგალური გზა. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ყველა დეტალი იქნება გამოკვლეული და შესაბამისად, გექნებათ ყველა პასუხი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კითხვაზე, ფლობდა თუ არა ინფორმაციას, რომ სპეცოპერაციისას მოკლულ ერთ-ერთ პირს ჰქონდა საქართველოს შეიარაღებული ძალების იარაღი, გახარიამ უპასუხა, რომ „ამის შესახებ პირველად ესმის".
„ასეთი ვერსია შეიძლება ბევრი გავრცელდეს. ვიმეორებ, მთავარი ამოცანაა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, მაგრამ ყველაფერს თავისი დოზა აქვს. მე ვფიქრობ, ბევრი კითხვა იყო, ბევრს პასუხი გაეცა და ახლა გამოძიება არის აქტიურ ფაზაში შესული. დაველოდოთ~, - განაცხადა გიორგი გახარიამ.