logo_geo
eng_logo
„მათე მოტორსის“ დამფუძნებელ გელა ბარკალაიას სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- +

1 დეკემბერი. 2017. 19:02



დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულ გელა ბარკალაიას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, „მათე მოტორსის" დამფუძნებლის მიმართ მოსამართლემ განაჩენი დღეს გამოიტანა.


დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულისთვის სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის დასრულებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო პრესრელიზს ავრცელებს.


სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა, ბრალდებულ გ. ბ.-ს მიმართ.


„მას ბრალად ედებოდა წამება, ე.ი. პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციისა და აღიარების მიღება, პირის დაშინება, იძულება და დასჯა, მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. მასვე ბრალად ედებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა, დახურულ სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის შედეგად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, წარდგენილი ბრალდება წამების ნაწილში გადაკვალიფიცირდა დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაზე.

 

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ გ. ბ. დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ბრალდებულს დანაშაულთა ერთობლიობით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მასვე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა - ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner