პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მრავალი წელია ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა შეიქმნას ე.წ. კიბერპოლიცია, რომელიც ინტერნეტში, კონკრეტულად, სოციალურ ქსელებში ჩადენილ დანაშაულზე იმუშავებს: სიცოცხლის ხელყოფის მუქარა, პირადი საუბრების თუ მიმოწერის გამოქვეყნებით შანტაჟი, დამცირება... ეს დანაშაულთა მხოლოდ ზოგადი ჩამონათვალია. როცა ამ ტიპის დანაშაული რეალურ სივრცეში ხდება, იქ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მექანიზმი მოქმედებს, facebook-ით თუ დაგემუქრებიან, განა ეს მუქარა არ არის? ამ მხრივ კანონმდებლობა დასაზუსტებელი და დასახვეწია. ახალგაზრდობის უმრავლესობა სოციალური ქსელის მომხმარებელია და ვიდრე კონფლიქტი ქუჩაში გადავა, ის, როგორც წესი, აქ... ამ სივრციდან იწყება. სხვადასხვა სკოლების მოსწავლეთა მშობლებმა ამ 1 წლის მანძილზე არა ერთი ისტორია მიამბეს, როგორ აშანტაჟებენ სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს სოციალურ ქსელებში. რა დიდ ტრაგედიასთანაა ეს კავშირში. ზოგიერთი მოზარდი ფაქტის გახმაურებასაც ვერ ბედავს. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი,- ეს სულ სხვა ფორმატია. მე კონკრეტულად, კიბერპოლიციის მძლავრი სამსახურის ფორმირებაზე ვსაუბრობ", - წერს ინაშვილი.