logo_geo
eng_logo
ავთანდილ იმედაძე: მთელი საქართველო 16 წლის მოზარდის გადასარჩენად ლოცულობს...
- +

2 დეკემბერი. 2017. 10:22


 

„ხორავას ქუჩაზე, დაჭრილი 16 წლის მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება", - ამის შესახებ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განაცხადა.


„მინდა აღვნიშნო, რომ მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე. მეორე ოპერაცია არ ჩატარებულა, ოდნავი შესვენება გავაკეთეთ, რომ სტაბილიზაცია მომხდარიყო. პრაქტიკულად, პაციენტი ნული წნევით შემოვიდა. პირდაპირი გულის მასაჟით შევიდა პაციენტი საოპერაციოში. საკაციდან საოპერაციო მაგიდაზე მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა და პირდაპირ იმაზე დაიწყო და დამთავრდა ოპერაცია, რითაც შემოიყვანეს. ეს იყო უმძიმესი წუთები ჩვენთვის", - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ და დასძინა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ბრძოლა მიმდინარეობდა ბავშვის გადასარჩენად.


„რა გართულებები იქნება შემდგომში, ამაზე ლაპარაკი უკვე ძნელია. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ასეთი გამეტებით მიყენებული ჭრილობები 16 წლის ბავშვზე, არ ვიცი, საშინელებაა. ეს იყო შემავალი ჭრილობა გულმკერდის არეში, შემავალი ჭრილობები მუცლის არეში, ღვიძლზე იყო გამჭოლი ჭრილობა. დაზიანებული იყო მაგისტრალური სისხლძარღვები, ბარძაყის არტერია, კერძოდ, ვენა. რომ მოიყვანეს, სისხლი არ იყო, ჯგუფის დასადგენადაც კი ვერ ავიღეთ სისხლი, ისეთი მდგომარეობა იყო. ნული წნევით, გული გაჩერებული, გულის პირდაპირი მასაჟით შევიდა საოპერაციოში", - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ და დასძინა, რომ მოზარდს ჰქონდა 7 ძირითადი ჭრილობა.


„მზად ვართ, რომ თუ კიდევ რამე დასჭირდა, გაკეთდეს. ადგილზე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. მგონია, რომ ვინც გაიგო, მთელი საქართველო განიცდის და ამ ბავშვის გადასარჩენად ლოცულობს. ჩვენც ერთი სული გვაქვს, როცა ამ გამარჯვებას ვიზეიმებთ", - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.


1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner