logo_geo
eng_logo
„ვინ ვარ დღეს?! ადამიანი, რომელიც საკუთარ სახესაც კი მალავს!“ - „კმარელის“ აღსარება!
- +

20 აპრილი. 2016. 02:41



19 აპრილს, ინტერნეტში ყოფილი „კმარელის აღსარება"- გამოქვეყნდა:


„რეპორტიორი" ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:


"მეც ერთ დროს თქვენნაირი ვიყავი: მეამბოხე და სამართლიანობისათვის მებრძოლი, თუმცა ვინ ვარ დღეს?! ადამიანი, რომელიც საკუთარ სახესაც კი მალავს.


მივესალმები ყველა აქტიურ ახალგაზრდას, მაგრამ ვერ მივასალმები მათ გაუაზრებელ ქმედებებს. ისტორია მეორედება: დღევანდელი სტუდენტობითაც ისევე მანიპულირებენ, როგორც ერთ დროს ჩემით... გული მწყდება! ... კმარელი ვარ და ვამბობ კმარა!!!


კმარა პოლიტიკური მიზნებისათვის სტუდენტების გამოყენება!!

კმარა ქვეყანაში ხელოვნურად შექმნილი ქაოსი !

კმარა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა!

კმარა ჩაკეტილ წრეზე სიარული!


და თუ ამას თქვენ ვერ ხედავთ... მე მოგიყვებით რა კმარა:


ყვლაფერი ისევ კმარათი იწყება! იცვლება მხოლოდ სახელები და სახეები მაგრამ არ იცვლება ჯინ შარპის სტრატეგია და ტექნიკა, რომელიც 21-ე საუკუნის ქართველი რევოლუციონერების თუ რევანშისტების ბიბლიაა. ერთი გამონაკლისით, არაძალადობრივი წინააღმდეგობის თანამედროვე მაკიაველის მეთოდებს დიქტატურასთან  საბრძოლველად ჩვენთან, დღესაც, ხელისუფლებაში მოსასვლელად იყენებენ.

შარპის ტაქტიკაზე, თავის დროზე, თავისუფლების ინსტიტუტმა დაგვატრენინგა. მაშინვე ავიტაცეთ და შეიქმნა კმარაც. ვმოქმედებდით ზუსტად შარპის მეთოდებით, რაც გულისხმობდა:

განგვესაზღვრა მაშინდელი სახელმწიფოს საყრდენი წერტილი, ძალოვანი სტრუქტურები, დაგვესუსტებინა და დამანგრეველი დარტყმები მიგვეყენებინა მისთვის. იქვე გვითხრეს ვინ შეიძლებოდა გამხდარიყო ჩვენი მოკავშირე: ესენი იყვნენ მუდამ უკმაყოფილო მუშები, ტაქსისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, ბიზნეს წრეები და ჩვენ, როგორც ახალგაზრდები.

 ჩვენმა მოძრაობამ გაამართლა და დასახულ მიზანს მივაღწიეთ, თუმცა ეს არ იყო ჩვენი მიზანი, ეს მიზანი სხვებმა დაგვისახეს, რასაც სამწუხაროდ მაშინ მივხვდით, როდესაც კმარელებს კმარას ოფისი ცხვირწინ მოგვიჯახუნეს.

 თავისუფლების ინსტიტუტისა და კმარას სულის ჩამდგმელებზე საუბარს არ დავიწყებ, თუმცა მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ ეს ადამიანები დღესაც აქტიურად არიან ჩართულები მიწისქვეშა პოლიტიკის წარმოებაში. ისინიც ჩემსავით მალავენ სახეს, რადგან მათი სახეები მახინჯ რეჟიმთან ასოცირდება და სტუდენტების პირით ლაპარაკობენ.

დღეს სტუდენტობა იგივე გზას გადის, რაც ერთ დროს კმარამ გაიარა...

დარწმუნებული ვარ ისინიც ებრძვიან სისტემას, მაგრამ შინაგანად განიცდიან ორგანიზაციულ კრიზისს, რომელიც ჰორიზონტალურ მენეჯმენტს მოაქვს. დარწმუნებულივარ მათაც არ იციან, საიდან მოსდით ფული, დარმწუნებული ვარ უხარიათ ჩემი ყოფილი თანამებრძოლების მიერ შექმნილი ngo-ების მხარდაჭერა და სოლიდარობა.

და ზუსტად ვიცი, რომ მათ წინ დიდი იმედგაცრუება ელოდებათ. სამაგიეროდ გამართლდება იმათი იმედები და მოლოდინები ვინც მათ უკან დგას და ვინც ამ პროცესებს რეალურად მართავს.

იმ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში ჩვენდა უნებურად მოვიყვანეთ, ჰქონდა ასეთი სტრატეგია: აბსოლუტური კონტროლი სტუდენტებზე. სტუდკავშირები ჩვენი მეშვეობით ჩაანაცვლეს მთავრობაზე მორგებული სტუდენტური თვითმმართველობებით და თვითონვე შეუქმნეს ოპოზიცია - ლაბორატორია 1918-ის სახით, რასაც ჰქონდა ორი მიზანი:

ხელოვნური კონკურენციის საფუძველზე ორივე მხარე ყოფილიყო ტონუსში

და დაზღვეულიყო სტუდენტური თვითმმართველობის ჩანაცვლება მათთვის უკონტროლო ძალით.

თუმცა ლაბორატორია 1918-მა მალე დაკარგა პირვანდელი ფუნქცია და ნელნელა გადავიდა განსხვავებულ პოლიტიკურ რელსებზე - გახდა სოც-დეკების ახალგაზრდული მოძრაობა.

სტუდენტური თვითმმართველობის წინააღმდეგ ჩნდება შედარებით სუსტი, მაგრამ მუდმივმოქმედი ოპოზიცია, რომელმაც აირჩია განსხვავებული ტაქტიკა - ბრძოლა სისტემასთან და არა - ადამიანებთან.

მთავრობის ცვლილების შემდეგ სტუდენტური თვითმმართველობა დიდად აღარ დგას ხელისუფლების ინტერესში.

გარკვეული დროის შემდეგ, ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელებმა, რომლისთვისაც ცნობილია მობილიზებული სტუდენტობის ძალა, დაიწყო მესამე და მეოთხე პირებით თვითმმართველობის ოპოზიციის ფორმირება, აღადგინა ძველი კონტაქტები მანამდე არსებულ ყველა ოპოზიციასთან და შექმნა კოალიციური სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115 ის სახით. მათი გათვლა ემყარება რამდენიმე მიზანს:

სტუდენტური თვითმმართველობები ჩაანაცვლოს თავის მიერ მართული ძალით.

პარალელურად ოპოზიციის მეშვეობით შექმნას არეულობის კერები სახელმწიფოს მასშტაბით. - საყდრისი, ტყიბული და ა.შ. ნაცნობი ტაქტიკით - მუდმივად უკმაყოფილო მუშების გამოყენებით - ფსევდო სოლიდარობით.

მათი პოლიტიკური გავლენის გაძლიერება ხდება თავისივე შექმნილი ენჯეოებისა და მოძრაობების მხარდაჭერით.

სწორედ ამით აიხსნება თვითმმართველობის წინააღმდეგ დაწყებული აქცია, როგორ გადაიზარდა კანცელარიის წინ გამართულ დემონსტრაციად და როგორ გარდაიქმნა ლოკალური თითქოს უმნიშვნელო პრობლემები დიდ სახელმწიფოებრივ თავსატეხად.

განსხვავება ამ ორ მთავრობას შორის ისაა, რომ ერთმა იცის როგორ აკონტროლოს სტუდენტური ძალა, მეორემ კი ეს ძალა უკონტროლოდ დატოვა.

კარგად და სწორად გათვლილი აქციები, შესანიშნავი შეფუთვა, მედია და სამოქალაქო სექტორის მობილიზება, საუკეთესო პიარი - საქართველოში მხოლოდ დატრენინგებულ კმარელებს შეგვიძლია.

პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ პროცესი კარგა ხნის დაგეგმილია, კარგად დაგეგმილია და კარგადვე ჩანს მათი ცალკეული პროექტების თავმოყრის ადგილი:

მკაცრი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ - თეთრი ხმაურის მოძრაობა

ფინანსური გამტარი - EMC

მწვანე მოძრაობები

უმცირესობების უფლებათადამცველი ენჯეოები

სტუდენტური პროტესტი

დღევანდელი მიდგომები ბევრად დახვეწილი და ორგანიზებულია. კლუბი ბასიანი შეკრების ადგილია, სადაც სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ადამიანები ვითომდა შემთხვევით ეცნობიან ერთმანეთს. თან ივენთების ორგანიზება იდეალური გზაა ფინანსებისთვის.

ახლა მოკლედ განვიხილავ მთლიან სქემას და მომავალ ნაბიჯებს:

სახელმწიფოს საყრდენი წერტილი უშიშროება თავიდანვე დარტყმის ობიექტია - რამდენიმე უნივერსიტეტში ქართული სპეცსამსახური გაიშიფრა.

დიდი ხანია მიმდინარეობს მუშებისადმი სოლიდარობის აქციები

პარალელურად ხდება ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მხარდაჭერა

დარტყმა განხორციელდა განათლების სისტემაზე, რომლის რეფორმაც რთულია და დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს საპროტესტო ტალღას

შეტაკება ხდება თბილისის მერთან

შესაბამისად იკვეთება სტრატეგიულად შერჩეული რამდენიმე ობიექტი - ყველაზე დიდი ქალაქის მერია, ყველაზე დიდი უნივერსიტეტი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.


ჩემი სათქმელი შეიძლება ბოლომდე ვერ ვთქვი, მაგრამ ახალგაზრდებო, მოგმართავთ თქვენ! ყველა მხარეს! არ გახდეთ მანიპულაციების მსხვერპლი და ნუ იქნებით ბრმა იარაღი სხვის ხელში!


კმარა ძველი გზით სიარული!"

 

 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner