„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობის თითოეულ ფაქტზე უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს. ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოება, განსაკუთრებით არასრულწლოვნები, იყვნენ დაცულნი", - ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტრო 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ ინციდენტს, რის შედეგადაც ორი მოზარდი დაიღუპა.
„უკანასკნელ წლებში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არაერთი რეფორმა გატარდა. მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია სამართალდამცავი ორგანოებისთვის კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია თავად საგანმანათლებლო სისტემის როლი არასრულწლოვნების აღზრდაში და მათი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. გასაძლიერებელია საზოგადოების, მათ შორის პედაგოგების, ფსიქოლოგების და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა ამ მიმართულებით. დასახვეწია მანდატურების ინსტიტუტიც, რათა მათ უზრუნველყონ არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა, არამედ იმ კონფლიქტების პრევენცია, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცეში იწყება და პოტენციურად შესაძლოა ამ სივრცის გარეთ გაგრძელდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციას და ამ მიზნით სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ამავე დროს, არასრულწლოვნებში მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას და ყველა დამნაშავე კანონმდებლობის შესაბამისად დაისჯება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.