აჭარის მწერალთა სახლი მხატვრული ტექსტის მთარგმნელთა ფორუმს მასპინძლობს. პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და დედაქალაქიდან ჩასულ მთარგმნელებს საშუალება მიეცემათ ერთმანეთს საკუთარი შემოქმედება, გამოცდილება და იდეები გაუზიარონ.
მონაწილეები ისაუბრებენ დარგის პრობლემებსა და თანამედროვე გამოწვევებზე. ასევე, ახალგაზრდა, დამწყებ მთარგმნელებს ჩაუტარებენ მასტერ-კლასებსა და სემინარებს.
„მოხარული ვარ, რომ ბათუმი ნელ-ნელა ყალიბდება ფესტივალებისა და მასშტაბური კულტურული ღონისძიებების ქალაქად. ეს პროექტიც, გარდა იმისა, რომ მკითხველებს შანსს მისცემს, თავიანთ საყვარელ ავტორებს გაეცნონ პირადად, თავად მთარგმნელებსაც გვეხმარება და დიდ გამოცდილებას გვაძლევს წერის ტექნიკის დახვეწაში. ჩემთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლო იმ უნიჭიერეს შემოქმედებს, რომელთა თარგმანებზეც თაობები იზრდებოდნენ. თითოეული მათგანი, შემიძლია თამამად ვთქვა, არის ქართველი მკითხველისთვის ფართოდ გაღებული ფანჯარა მსოფლიო ლიტერატურაში", - აცხადებს პროექტის ავტორი გენრი დოლიძე.
ფორუმი კვირას, მასშტაბური პოეზიის საღამოთი დასრულდება, სადაც მკითხველი უშუალოდ მთარგმნელებისაგან მოისმენს ინგლისური, არაბული, აზერბაიჯანული, რუსული, გერმანული, ბულგარული, სპარსული, ფრანგული, თურქული, სომხური, იაპონური, ბერძნული და იტალიური პოეზიის მარგალიტებს ქართულ ენაზე.
„აჭარაში, მოგეხსენებათ, არაერთი ნიჭიერი მთარგმნელია, რომლებიც ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ ლიტერატურული საზღვრების გასაფართოებლად. ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, შეგვეკრიბა ისინი, და ერთგვარი საერთო სურათი წარმოგვედგინა პუბლიკისთვის, თუ რა მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით. მიხარია, რომ დაინტერესება დიდია და პროექტში ბათუმელ მთარგმნელებთან ერთად ჩართული არიან გამოჩენილი ლიტერატორები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან", - ამ ტექსტით მიმართა აჭარის მწერალთა სახლის დირექტორმა ლალი კონცელიძემ დამსწრე საზოგადოებას.
პროექტის ავტორების განცხადებით, ფორუმი ტრადიციულ სახეს შეიძენს და მომავალ წელს უფრო მეტ შემოქმედს მიეცემა ღონისძიებაში ჩართვის შესაძლებლობა.