logo_geo
eng_logo
როგორია მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების მსოფლიო სტატისტიკა
- +

3 დეკემბერი. 2017. 02:12



გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კვლევების ბიუროს ინფორმაციით, მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ფატალური შემთხვევების ყველაზე სარისკო ასაკი 15-დან 18-წლამდე მერყეობს. მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანთა შორის ფიზიკური დაპირისპირების ყველაზე მეტი შემთხვევა მექსიკაში, ჰონდურასსა და ბრაზილიაში, ხოლო დასავლეთ ევროპიდან - გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირდა.


აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დეპარტამენტის 2015-2016 წლის მონაცემებით, ამერიკის სკოლებში მოზარდების 4,1% დანით შეიარაღებული დადის, 6% ადასტურებს, რომ ისინი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკოლელების მხრიდან შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი სულ მცირე ერთხელ მაინც გამხდარან. ამავე კვლევის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში მოსწავლე ბიჭების 10,3 %-ს ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიუღია. გოგოების შემთხვევაში ეს რიცხვი 5%-ს არ აღემატება. Cdc.gov-ის საიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ სკოლაში მოზარდებს შორის ჩხუბის შედეგად გამოწვეული ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა 1992-1993 და 2012-2013 წლებში დაფიქსირდა.


ევროპა. დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ყველაზე მეტი შემთხვევა გაერთიანებულ სამეფოშია, ყველაზე ნაკლები - შვედეთსა და ისლანდიაში.


ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, 2016 წელს ჩადენილ დანაშაულს შორის 14% სწორედ მოზარდების მიერ ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საზიანო ჭრილობების განზრახ მიყენებაა. რამდენიმე შემთხვევა ფატალურად დასრულდა. 2015 წლის მაისიდან 2017 წლის აგვისტომდე ინგლისისა და უელსის სკოლებში პოლიციამ 2579 ცივი იარაღი აღმოაჩინა, რითაც მოზარდები იყვნენ შეიარაღებულები. მათგან 47 ათ წლამდე მოსწავლე იყო.


ბრიტანეთის დანაშაულის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოზარდების გარდაცვალების მესამე მიზეზი სწორედ ცივი იარაღით ან წვეტიანი საგნით ჩადენილი მკვლელობაა.


ამ ტიპის დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა დასავლეთ ევროპაში 2006-2007 წლებში მოხდა, რის შემდეგაც სკოლის ადმინისტრაციას სპეციალური გზამკვლევები დაურიგდათ, თუ როგორ აღკვეთონ ძალადობა სკოლებში. სამართალდამცავი ორგანოები მშობლებს წლებია მოუწოდებენ, მოზარდებში ძალადობისკენ მიდრეკილების ნიშნების გამოვლენისთანავე, მიმართოთ სპეციალისტებს.


ბოლო ათ წელიწადში შეიქმნა არაერთი ვებსაიტი, გაიმართა აქციები ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში, სოციალურ ქსელებში კი მოზარდების მიერ ცივი იარაღის ტარების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო ჰეშთეგით #Notoknifecrimes. აღნიშნულ ჰეშთეგს Twitter-ში ლონდონისა და სხვა ქალაქების სამართალდამცავი ორგანოებიც აზიარებდნენ, რაც იმის დასტური იყო, რომ პოლიცია აღნიშნულ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო.


სკოტლანდ იარდის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა მაიკლ გალაჰერმა მოზარდების მიერ ცივი იარაღის ფარულად ტარებისა და თანატოლების წინააღმდეგ გამოყენების ჩვევას „დანის ეპიდემია" უწოდა. იგი წლებია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს იძიებს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ძალადობისკენ მიდრეკილება მოზარდში პირველ რიგში მშობლებმა უნდა ამოიცნონ, ხოლო ამოცნობის შემდეგ შესაბამისი ზომები მიიღონ.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner