logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: მთელი ქართული საზოგადოება ორპირი მონსტრების კორპორაციაა
- +

3 დეკემბერი. 2017. 15:46



ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„რაც თავი მახსოვს, #51 და #53 სკოლები სულ კრიმინალურ ნიუსებში ხვდებოდნენ. ამ სკოლების კედლები თითქოს ატარებენ ჰეროიკულ ლეგენდებს, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ბავშვებიც სკოლის ღირებულებების მატარებლები ხდებიან. ბევრი სკოლაა ასე. არ მჯერა, რომ ეს ლეგენდები მომხდარი მკვლელობის შემდეგ გაქრება, პირიქით, ახალი ლეგენდები მოიმატებს... იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება ფარისეველი და ორპირია. იმიტომ რომ, facebook-ზე გამოხატული საყოველთაო გლოვა და ძალადობის გმობა ვერანაირად ვერ ერგება კრიმინალური ცხოვრების ასევე საყოველთაო რომანტიზებას. ამ რომანტიკის, ჰეროიკისა და „გმირული ლეგენდების" გარემო აძლევს სიცოცხლეს ძველბიჭობას. საზოგადოება ერთდროულად გმობს და თან კვებავს ამგვარ ცხოვრებას. შეხედეთ, ბაზრობები სავსეა ნაირნაირი დანებით, რატომ არ ჩნდება კითხვა, რისთვის და ვისთვის იყიდება ის დანები? ჩვენ არ გვეხება? ჩვენს შვილებს არ ეხება? ვიცით, და ჩუმად ვართ.

 

მამა/დედა ენაცვალოს, ვინმე რომ დახვდეს, თავი ხომ უნდა დაიცვას! - აი, ესაა, ჩვენი ჩუმი ჩანაფიქრი. როცა დანას/რკინას ატარებ, ის თავად გიბიძგებს მის გამოყენებისკენ, ის გამაგნიტებს და გაცდუნებს. 50-60-იანი წლების თბილისშიც ბიჭები სხვადასხვა მიზეზით დანებს და „სპიცებს" უყრიდნენ ერთმანეთს, გოგოებს კი ძლიერები მოსწონდათ. ასეთიც იყო ურთიერთობა. ის ბიჭები დღეს ამ ბავშვების ბაბუები არიან, გოგოები კი ბებიები. რამდენჯერ გაუხსენებიათ ბებია-ბაბუებს ბავშვობა და თავისი სამართლიანი საქმენი საგმირონი სუფრასთან? შვილიშვილებთან? არაა ასე? სკოლების ლეგენდებიც ასე, ოჯახ-ოჯახ ცოცხლობს. მთელი ქართული საზოგადოება ორპირი მონსტრების კორპორაციაა. და ასე რომ არ დარჩეს, ეს თემა ოჯახებშივე უნდა მოიკლას და გაბანძდეს. სხვაგვარად, ვერანაირი პოლიციური ძალადობა ამ ამბავს ვერ უშველის, პატარა ძველბიჭებში პოლიციასთან ბრძოლაც ჰეროიკად იქცევა. შსს-ს საქმე კი დღეს „კუკარაჩების" მოძებნაა, თუმცა თუ ოჯახებმა კუკარაჩებთან არ ითანამშრომლეს, ყველაფერი ისევე დარჩება, როგორც იყო, ფარისევლური, ორპირი, ორპოლუსა სადომაზოხიზმი", - წერს უძილაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner