logo_geo
eng_logo
პროკურატურა: ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში ეჭვმიტანილის მშობელი პროკურორი არ არის
- +

3 დეკემბერი. 2017. 16:00



მთავარი პროკურატურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილის მშობელი პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირია. მთავარი საგამოძიებო უწყება ამ ინფორმაციას უარყოფს.

 

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გვსურს გამოვეხმაუროთ, სოციალური ქსელის საშუალებით ზოგიერთი პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოსდა შესაძლო მკვლელობის ჩამდენი ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი პროკურატურის თანამშრომელია და ამით ხელი ეშლება გამოძიებას. არასრულწლოვანი ბრალდებულების გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს არცერთი ოჯახის წევრი ანდა ახლო ნათესავი არ არის პროკურატურის მუშაკი. ამ სიცრუის გავრცელებით გარკვეული ჯგუფი დაინტერესებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და განზრახ ცდილობს პროკურატურის და მიმდინარე საგამოძიებო პროცესის დისკრედიტაციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინციდენტში მონაწილე ა.ს.-ს მშობელი მართლაც არის პროკურატურის მუშაკი, თუმცა იგი 2014 წლიდან მუშაობს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში და მას დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, არც აღნიშნულ გამოძიებასთან და არც სხვა რომელიმე გამოძიებასთან, არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება რომ ჰქონდეს.

 

ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესაური კავშირი პროკურატურის მუშაკთან ვერცერთ საქმეზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მიმდინარე გამოძიებაზე და მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს. სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და პროკურატურის შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ნებისმიერი პროკურორი, რომლის მიმართაც შესაძლებელია არსებობდეს თუნდაც კითხვები გარკვეული პირადი მოტივების გათვალისწინებით შესაძლო მიკერძოებულობაზე დაუყონებლივ იქნება აცილებული სისხლის სამართლის საქმიდან. 

 

იქიდან გამომდინარე, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი არასრულწლოვანია, ასევე ხსენებულ პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა კანონით შეზღუდულია მოახდინოს ამ პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გავრცელება. საქმეზე მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, რომლის შედეგების შესახებ საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


თბილისის პროკურატურამ ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner