logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: პოლიტიკური ხრწნის პროცესი დაწყებულია!
- +

4 დეკემბერი. 2017. 11:07

 

 

„პოლიტიკური ხრწნის პროცესი დაწყებულია!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ივანიშვილის ხათრით გატანილი საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი წლის თავზე აღარ არსებობს! დიახ, როდესაც, უბრალო უმრავლესობით გადასაწყვეტი საკითხისთვის საჭირო ხდება გარიგება იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც 5 წლის წინ გააძევე ხელისუფლებიდან, ეს ხელისუფლების კრახია!

 

როდესაც ომბუდსმენის დასამტკიცებლად, მმართველ გუნდს დასჭირდება ამერიკის ელჩის გაუთავებელი კომენტარები, პარლამენტის თავმჯდომარის წინასწარი ღია მხარდაჭერა, სახალხო დამცველის სახელისუფლებო კანდიდატად გამოცხადება და რაც მთავარია, კულუარულად მუქარა იმაზე, რომ მინისტრთა კაბინეტი შეიძლება ჩავარდეს, ეს უკვე პოლიტიკური კრიზისია!

 

ეს ყველაფერი ერთხელ უკვე გავიარეთ, ის, რაც ახლა ხდება მმართველ პარტიაში, რიმეიკია იმ სიმღერის, რომელიც ორიათასიანი წლების დასაწყისში გაჰიტდა!

 

მაშინაც იყვნენ პატარა ბიჭები, რომლებიც ვალში იყვნენ „საერთაშორისო პატრონებთან" და მათი „გაკრიშული" კარიერა სამშობლოს, მეგობარს და თქვენ წარმოიდგინეთ, დედასაც კი ერჩივნათ. იმათაც ჰყავდათ იმ დროის ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გაუკეთა, ფეხზე დააყენა, არჩევნებზე ზუკუტურით ათრია, თანამდებობები ჩამოურიგა, მაგრამ ამ ენდემური ჯიშისთვის მადლიერება, როგორც ასეთი, ბიოლოგიურად მიუღებელი თვისება იყო, არის და იქნება...

 

მაშინაც იყო ზეწოლა და გატესტვები ბიძია სემის ერთგულებაზე და მორჩილ უმრავლესობაზე. იყო განცდა იმისა, რომ მარტო მათ იცოდნენ, რა დიდი „სახელმწიფოებრივი ინტერესი" იდგა ყოველი ზეწოლის უკან... დიახ, ალბათ, იცოდნენ კიდეც... ისევე, როგორც იცოდნენ, თუ რა დაფინანსება და პირადი კეთილდღეობა მოჰყვებოდა მათ მიერ გატანილ ყოველ „გმირობას".

 

ერთი, რაც არ იცოდნენ, როგორც შემდგომ გაირკვა, იყო ქვეყნის დამოუკიდებელი მართვა და საკუთარი პოლიტიკური Requiem-ის ფინალური აკორდები... დიახ... გადაავლეთ თვალი და გული გეტკინებათ... მასხარად ქცეული ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი პრემიერ-მინისტრი, მოკლული და ტალახშესხმული პარლამენტის თავმჯდომარე, გაქცეული თავდაცვის მინისტრი, პოლიტიკურ ტრანსსექსუალებად ქცეული უგულავები, ბოკერიები, რურუები...

 

დიახ, შეხედეთ და დაიმახსოვრეთ! ეს თქვენი მომავალია!

 

პოლიტიკური ხრწნის პროცესი დაიწყო!

 

მას უკვე ვეღარ შეაჩერებთ! ხელოვნური გადარჩევიდან - ბუნებრივ გადარჩევაზე მივედით ისევ!

 

პოლიტიკოსს მხოლოდ ერთი საზომი აქვს, ხალხის მხარდაჭერა. იმდენად დიდი იყო ეს პარამეტრი დღეს მოქმედი თითოეული სახელისუფლებო პოლიტიკოსის მიმართ, (ივანიშვილის მხარდაჭერიდან გამომდინარე), რომ იმთავითვე ჩანდა, მომატებით ვერაფერს მოუმატებდით, ერთად-ერთი უნდა შეგენარჩუნებინათ... ვერ შეძელით!

 

ვერც ძველი პოლიტიკოსების რეინკარნაცია მოხერხდა. გაევროპელებულ და გაადამიანებულ „ნაციონალებს" ვგულისხმობ. შესაბამისად, მათთან შერწყმის გზით ახალი, ძლიერი პოლიტიკური ძალის გაჩენის შანსიც განულდა.

 

ყველაზე დიდი პოლიტიკური დივიდენდი, რაც გაგაჩნდათ, ივანიშვილის მხარდაჭერა და მის მიმართ ხალხში არსებული მადლიერების განცდა იყო... ერთი წელია, ვერც იმას ვგრძნობთ, რომ ეს პიროვნება მხარს გიჭერთ და სიმართლე რომ ვთქვათ, ვერც იმას, თქვენ რომ უჭერთ მხარს და გვერდში უდგახართ!

 

ასე რომ, Arrive derchi!

 

ამ ქვეყანას, აწი, თქვენ არავინ აგარევინებთ.

 

იმედისმომცემია ის ფაქტიც, რომ თქვენს გვერდით არიან ადამიანები, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს ფარსში და ხალხთან ერთად პატივი მიაგეს ყველაზე მაღალ ღირებულებას - ღირსებას!" - წერს ხათუნა ხოფერია.

 







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner