საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, შპს ,,დავის" დამფუძნებელი და დირექტორი, დავით ჯორბენაძე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, შპს „დავი"- ს სახელით 2015 წლის ივნისში განახორციელა 45 ერთეული სასაქონლო საბაჟო ოპერაცია, რომლებზეც კანონის საფუძველზე გაანგარიშდა იმპორტის გადასახდელები - 306 201 ლარი. ნაცვლად იმისა, რომ დავით ჯორბენაძეს გადაეხადა სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული თანხა, დაამზადა 249 214 ლარის გადახდის დამადასტურებელი ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, საბაჟო პროცედურების გავლისას აღნიშნული ყალბი დოკუმენტებით მოატყუა შემოსავლების სამსახური, თითქოს მან გადასახადები მიმართა სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე, რითაც ბიუჯეტს მიადგა 249 214 ლარის ქონებრივი ზიანი.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე და 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.