„მეგას" დაჯილდოების ცერემონიაზე ბესო ჩუბინიძემ ფირი ჩაართვევინა, აფხაზეთის ომის კადრები, სადაც ჩანს, რომ იმჟამად თვითონაც პატარა ბიჭი, სამშობლოს ერთიანობის დასაცავად აფხაზეთში იმყოფებოდა. დარბაზში ომის ვეტერანები ისხდნენ და ბესოს თხოვნაზე, ხალხს დაენახვეთო, მხოლოდ ორი-სამი მეომარი წამოდგა - უკვე შებერებულები, ცხოვრებისგან გადაღლილები და იმედგაცრუებულები", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტთა კავშირის თანათავმჯდომარე მარინა თექთუმანიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ეს ბიჭები სამშობლოსთვის იბრძოდნენ, ენგურსგაღმა დარჩენილი სამშობლოსთვის. ამ ბიჭების სიცოცხლით ბევრმა ხელი მოითბო! ამ ომმა ასიათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა! ამ ომმა ასიათასობით ადამიანს სამშობლო დაატოვებინა! ამ ომმა ოჯახები დაქსაქსა! ვიჯექი „მეგაზე" და ცრემლი ღვარად ჩამომდიოდა. ის დევნილი ქალი გამახსენდა, კოლგოტებს რომ ყიდდა ქუჩაში და როცა ვკითხე, მართლა იტალიურია-მეთქი, თვალები ცრემლით აევსო და მითხრა: მთელი ცხოვრება სოხუმის სკოლაში ბავშვებს ვასწავლიდი, არასოდეს არავინ მოეტყუებინათ და მე როგორ მოგატყუოთ, თურქულია, არ არის იტალიური, ნუღარ იყიდითო. მე ერთის ნაცვლად, რაც ფული მქონდა, იმდენი ვიყიდე. ჩემი მაიკო მიქაია გამახსენდა, 28-ში გალში დედა რომ გარდაეცვალა და ყოველდღე სასოებით იქითკენ უჭირავს თვალი, მისცემენ თუ არა ჩასვლის უფლებას. დღეს ჩემს იქ ყოფნაში როცა დაურეკეს და უთხრეს, რომ ახალი პასპორტია საჭიროო, მაიკო ჩემ თვალწინ გაქრა, დაპატარავდა, ზღვისფერი თვალებიდან თითქოს ზღვაც ჩამოირეცხა და ჩუმად მოთქმა დაიწყო, მეგრულად თავის უიღბლობას და ენგურსგაღმა დარჩენილ დედის ცხედარს მოთქვამდა...
მე არ მინახავს მაიკოს დედა, მაგრამ მგონია, რომ ლამაზი და სიფრიფანა ქალი იქნებოდა და რომ მაიკო დედას ჰგავს. ამ რამდენიმე თვის წინ ნახა მაიკომ დედამისი, მაშინ, როცა ომის მერე გადახვეწილი ბიძა დაუბრუნდა სამშობლოს იმიტომ, რომ იქ, გალში, თავისი წინაპრების გვერდით ეპოვა საძვალე. ძმა დას მაიკომ ჩაუყვანა. იმ დღეს წვიმდა ენგურის ხიდზე, ბლოკპოსტის აქეთ-იქით იდგნენ დედა-შვილი. წვიმა ასველებდა ორივეს, მაგრამ არც ერთს არ უნდოდა ფეხის მოცვლა... მერე ძალით ჩასვეს ატირებული მაიკო მანქანაში და სანამ შეეძლო, უყურებდა დედის მტკივან სხეულს...
„მეგაზე" ია მაისაიას ვუყურებდი და ის დღე მახსენდებოდა, აფხაზეთზე დაწერილი ლექსის მოსმენისას როგორ აღმოხდა ტირილი და ჩაგუბებული ტკივილი ერთად...
იქ მეომრები ისხდნენ, ბიჭები, ვისაც სულში ჩააფურთხეს და მე აფხაზი მეგობრისთვის გაგზავნილი და პასუხგაუცემელი ბარათიც მატირებდა. მძაგდა ყველა იარაღი, რაც ადამიანთა მოდგმამ ერთმანეთის გასანადგურებლად, ერთმანეთის გასამწარებლად გამოვიგონეთ!" - წერს მარინა თექთუმანიძე.