დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა ამავე რაიონის გამგებელთან გელა არჩვაძესთან ერთად თბილისთან შემოერთებულ ტერიტორიებზე მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
ჯაბა ჯიშკარიანი სოფელ ტაბახმელასა და შინდისში საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
დეპუტატის თქმით, ტაბახმელაში გუდელისის ქუჩაზე ასფალტის ორი ფენა 2000 კვ მეტრზე დაიგება, ხოლო 120 კვ მეტრზე კი სანიაღვრე სისტემა მოწესრიგდება.
მიმდინარე სამუშაოები რაიონის გამგეობის მიერ 20 000 ლარით ფინანსდება და მისი დასრულება თვის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
მისივე ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები უკვე დასრულდა სოფელ შინდისში, კერძოდ, ნაკაშიძის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარი 1500კვ. მეტრზე დაიგო.
დღესვე მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა არჩვაძესთან ერთად ტაბახმელისა და წავკისის სასაფლაოებამდე მისასვლელი გზები და იქ მიმდინარე კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, ამ ტერიტორიებზე არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც მოსახლეობას უამინდობის დროს გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.
ჯაბა ჯიშკარიანმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი სამუშაოები მთაწმინდის რაიონის სხვადასხვა უბნებსა და შემოერთებულ სოფლებშია დაგეგმილი.