ავტორი დინა მირცხულავა
- გადარჩენა ვერ მოხერხდა! - ჩემმა შვილმა ცისფერი ეკრანი გამორთო და არავისი კომენტარი აღარ მოგვისმენია.
ჩვენ ერთმანეთს გავებუტეთ.
ხელუხლებელი დაგვრჩა სადილი მაგიდაზე.
კრიჭა შევიკარით და ოთახის სხვადასხვა კუთხეში მივჯექით.
არ ვიცი, რას ვერჩით ერთმანეთს...
მერე მან ჩანთაში ჩაილაგა წიგნები და მასწავლებელთან წავიდა.
ჩანთა დაახლოებით ისეთია, იმ ბიჭებს რომ ჰქონდათ.
ისეთივე მოსაცმელი ჩაიცვა, დუტის, უმკლავებო...
ზუსტად ისეთივე ფოტო აქვს ჩემს შვილს გადაღებული სკვერში, სკამზე...
ზუსტად იმ ბიჭებივით უმუქდება ზედა ტუჩთან ღინღლი...
კაცი ხდება დღითი დღე.
სავსე აქვს ჩანთა ქაღალდის ნაკუწებით ჩემს შვილსაც იმ შვილებივით, გაუგზავნელი პაწია ბარათებით:
- ბიჭო, ლიზის ნომერი იცი?!
- მათემატიკაზე შენთან ვჯდები!
- I love you - გაუფერადებია კიდეც და გულიც მიუხატავს.
გუშინდელი წერილი გამახსენდა:
- დე, წავედი ცეკვაზე!
ასე მისწერეს იმათაც უსათუოდ დედებს და მართლა წავიდნენ ოღონდ.
მეოცნებე, დიდგულა ბიჭები.
გუშინდელიდან უმძრახად ვართ დედა-შვილი.
არ ვიცი, რას ვერჩით ერთმანეთს?!