logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: „თეთნულდი“ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი აღმოსავლეთ ევროპაში
- +

21 თებერვალი. 2016. 14:08


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამთო-სათხილამურო კურორტი "თეთნულდი" გახსნა. პრემიერი კურორტზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.


თეთნულდზე" ფუნქციონირებს ერთი სათხილამურო ტრასა, წლის ბოლომდე კი იგეგმება დამატებით 3 საბაგირო გზის ექსპლუატაციაში შესვლა. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. გარდა ამისა, ვგეგმავთ, გაკეთდეს დამატებით საბაგირო, რომელიც სოფელ მულახიდან "თეთნულდის" ბაზას დააკავშირებს. ასევე აუცილებლად გაკეთდება ქუთაისიდან ცაგერი-ლენტეხის გავლით სვანეთთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან 2 საათის სავალზე "თეთნულდის" კურორტს დააკავშირებს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


მისივე ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, გაკეთდება რამდენიმე სასტუმრო, რათა კურორტის განვითარებას ბიძგი მიეცეს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. გიორგი კვირიკაშვილის ცნობით, გზის დიზაინი და სასტუმროების პროექტი დამუშავების პროცესშია.


პრემიერთან ერთად კურორტის გახსნაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.


სამთო-სათხილამურო კურორტი "თეთნულდი" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიის მენეჯმენტში გადავიდა. ამ ეტაპზე კურორტზე არის 6-ადგილიანი სავარძლის ტიპის ერთი საბაგირო, რომლის მშენებლობაც საბაგიროების მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია "პომამ" უზრუნველყო. პროექტი 100 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მას საფრანგეთის მთავრობის მხადრაჭერით საქართველოს მთავრობა აფინანსებს.


"თეთნულდის" სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი - 9,5 კილომეტრი და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე - 1,7 კილომეტრი იქნება. 2016 წლისთვის დაგეგმილია სასრიალო გზის 30 კილომეტრამდე გაზრდა. სასრიალო გზა განკუთვნილი იქნება მოყვარულებისთვის, პროფესიონალებისა და ექსპერტებისთვის.


მთის კურორტების განვითარების კომპანიამ კურორტის პოპულარიზაციისთვის მესტია-თეთნულდი, თუთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება. ასევე მთელი სეზონის განმავლობაში საბაგიროს მომსახურებაც უფასო იქნება.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, "თეთნულდი" ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4100 მოთხილამურეს მოემსახურება.


კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს. სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გახანგრძლივდება. კურორტ "თეთნულდზე" მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.


"თეთნულდის" მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. კურორტი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner