logo_geo
eng_logo
ოთარ დანელია: ჩვენმა ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან მთავარ პრიორიტეტად აგრარული სექტორი დაასახელა
- +

20 აპრილი. 2016. 10:39


სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია: ჩვენმა ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან მთავარ პრიორიტეტად აგრარული სექტორი დაასახელა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რომელსაც ქვეყნის პოლიტიური კურსის ერთგულების პასუხისმგებლობაც მოჰყვა და სამინისტრომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმიდან უამრავი რეკომენდაცია მიიღო.


ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით" (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების თანახმად, სამინისტრომ საქართველოში სანიტარული და ფიტოსანიტარული სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების რეკომენდაციები მიიღო.


რა ძირითადი პრიორიტეტების გათვალისწინებით მუშაობს სამინისტრო, რამდენად წარმატებით ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს? რა პრობლემებია? რომელია აგრარული სექტორის პრიორიტეტული დარგი, სად ხედავს საკუთარ თავს უწყება გარემოვაჭრეების  პრობლემის მოგვარების საკითხში და როგორ უპასუხებს წინასაარჩევნოდ ოთარ დანელია წლების განმავლობაში პოლიტიკურ სამიზნედ ქცეულ რთველის საკითხს? სწორედ ამ თემებზე ესაუბრა გაზეთი „პრაიმტაიმი" სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას.


- მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის თანახმად, სოფლის მეურნეობის მიმართულებებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, ისეთებს, როგორიც არის ეკონომიკა, პროფესიული განათლების ამაღლება და სივრცითი მოწყობა - ინფრასტრუქტურის სრულყოფა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფულად რესურსებზე ხელისმისაწვდომობა. ეს გახლავთ დარგში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, ვინაიდან როგორც საბანკო, ისე კერძო სექტორს ამის გამოცდილება არ გააჩნია და შესაბამისად, ამას დასჭირდა პერიოდი, მაგრამ ვფიქრობ, უკვე ყველასთვის გასაგებია, რომ დარგი რენტაბელურია - აქ შეიძლება ბიზნესის კეთება და სოფლის მეურნეობაში ძალიან დიდი სარგებელია. მით უმეტეს, ჩვენს პროდუქტებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ხშირად ვამბობ და პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, სლოგანადაც გვექცა: ვაქციოთ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნად, პროგრესიც სახეზეა - ჩვენ უკვე გვაქვს 148-მდე ახალი საწარმო. ესენია როგორც საგრანტო, ისე შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები. ჩვენ გვაქვს 700-მდე გადაიარაღებული საწარმო, რომელიც, როგორც გაფართოებას, ისე სტანდარტების კუთხით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ბაზრის დივერსიფიკაციის კუთხით ევროკავშირის ბაზრები პირველია, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ, დაწყებული გამოფენიდან, დამთავრებული სტანდარტების იმპლემენტაციითა და ჰარმონიზაციის პროცესით, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაში სოფლის მეურნეობის ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენს ნაწილში მოდიოდა 400-ზე მეტი დირექტივა, რომელიც შესასრულებელი გვქონდა. ეს იყო ყველაზე დატვირთული უწყება სტანდარტების იმპლემენტაციის დანერგვის კუთხით. აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მთლიანი ექსპორტის მაჩვენებლის 1/3-ს ევროკავშირის ბაზრები იკავებს.


ასევე, მნიშვნელოვანია ის სენსიტიურობა, რომელიც დარგს ახლავს, ან ჩვენ გვაქვს სოფელი. ან ჩვენს მეგობრებს აქვთ. საბოლოოდ, ყველანი სოფლებიდან მოვდივართ და მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს ის გულისტკივილი, რაც იქ არის. ყველა სტანდარტი იმ რეალობის გათვალისწინებით დავნერგოთ, შემოვიღოთ რეგულაციები. ეს რეგულაციები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სასჯელი. ეს უნდა იყოს შეღავათი.


მნიშვნელოვანი მიმართულებაა კოოპერატივები. ამ კუთხით ძალიან დიდი გამოწვევა დაგვხვდა. პრაქტიკულად, ყველა მოლოდინს გადააჭარბა იმ მოლოდინმა, რომელიც რეალობად ვაქციეთ. ეს არ არის ჩვენი სიტყვები. ეს არის ევროპული ექსპერტების შეფასება. საქართველოში გეგმაში იყო 50 კოოპერატივის დაარსება და იმ პერიოდში, როცა საშინაო დავალება იყო 50 კოოპერატივი, 1000-ს გავცდით. ეს არ არის მხოლოდ რაოდენობა. ეს არის გამართული სისტემა, რომელშიც წარმოდგენილია ოჯახები, სოფლები. არის კოოპერატივები, რომელსაც ძალიან კარგად ესმის ის შეღავათი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს და ის პირობა, რომელიც უნდა შეასრულოს. ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ, რომ არავინ დაარღვიოს კარგად ჩამოყალიბებული ის ნორმები და სტანდარტები, რომლებიც აუცილებელი წინაპირობაა ოპერირებისთვის და ამავდროულად ვცდილობთ, ურთიერთთანამშრომლობით, საზიარო რესურსების კოოპერირებით, ამ ადამიანებმა მაქსიმალური სარგებელი მიიღონ, რაც, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის. ამას სჭირდება ინტენსიური კომუნიკაცია. ჩვენ უკვე ორ წელზე მეტია, ამის კოორდინაციას ვეწევით და ბუნებრივია, მომავალშიც გავაგრძელებთ.


სოფლის მეურნეობა აქტიურად მუშაობს მელიორაციის კუთხით. ბოლო ორი წლის განმავლობაში კოლოსალური რაოდენობის სამუშაოებია ჩატარებული. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ჩვენი ძალებით ჩატარებული სამუშაოები, ვინაიდან ჩვენ ამისთვის არ გვჭირდებოდა განსაკუთრებული შესყიდვის პირობები. პროექტირებას საკუთარი რესურსით ვახერხებთ. გვაქვს ტექნიკა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საჩუქრად მივიღეთ, დაახლოებით 11 მილიონი ლარის ღირებულბის, რომელმაც 13 ივნისის სტიქიის დროს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ჩვენ გვქონდა ბაზა, სადაც ამორტიზებული, პრაქტიკულად უვარგისი ტექნიკა იყო. მივიღეთ ახალი ტექნიკა, მათ შორის სატვირთო თვითმცლელები და ძალიან ბევრი რამ. რაც მნიშვნელოვანია მელიორაციისთვის.


ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა სურსათის უვნებლობა. ამ კუთხით ყველაზე დიდი მიღწევაა რძისა და რძის პროდუქტების რეგლამენტის პრაქტიკაში დანერგვა. რძის პროდუქტების ნაწილში დარღვევები პრაქტიკულად აღარ არის. ამასთანავე, დაიმსხვრა ყველანაირი სტერეოტიპი რძის პროდუქტების თემასთან დაკავშირებით და დღეს თუ ვყიდულობთ მაწონს, ის არის მაწონი და ხაჭო, მას „მაწონი" და „ხაჭო" არ აწერია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვნებათაღელვის საგანი იყო მცენარეული და ცხოველური ცხიმების ეტიკეტირებაზე გამიჯვნის საკითხი.


ვეტერინარიის კუთხით სახელმწიფო ვაქცინაციის არაერთი პროგრამა გვაქვს და შედარებისთვის, მაშინ, როცა საქართველოში ძალიან ბევრი დაავადების პრევენცია ვერ ხდებოდა, დღეს გვაქვს რეაგირების, მონიტორინგის და იდენტიფიცირების ძალიან სწრაფი მექანიზმები. ამავდროულად გავხდით გაცილებით გამჭვირვალეები და ცხოველთა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას ნებისმიერი საეჭვო გარემოებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ სწრაფად ვაცნობებთ, რაც საქართველოს კეთილსაიმედოობის კუთხით ერთი ათად აამაღლებს. ასევე, ძალიან კარგი და საკმაოდ მობილიზებული სპეციალისტები გვყავს და შესაბამისად, სეზონურად ვაკონტრაქტებთ დამატებით ძალას, რათა ვაქცინირების პროცესი მასიურად, დაჩქარებულ ვადებში დასრულდეს. ასევე, შევიმუშავეთ ბრუცელოზის პროგრამა. დავიწყეთ გადასარეკი ტრასების მოწესრიგება. ბიოუსაფრთხოების პუნქტები უკვე ავაშენეთ და კიდევ რამდენიმეს აშენებას ვაპირებთ, მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი გარღვევაა. ჩამოსული იყო არაერთი ჯგუფი, ასევე, დელეგაციებიც, რომლებმაც დაათვალიერეს და არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ გავუწიოთ მათ კონსულტაცია საკუთარ ქვეყანაში ანალოგიური სისტემების დანერგვისთვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოველთა იდენტიფიკაციის პროცესი, რომელიც აქამდე არასისტემური იყო, ახლა სისტემურია და მათ შორის, ეს ყველაფერი ელექტრონულ ბაზაშია ასახული.


რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავიწყეთ წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის იდენტიფიცირება, რაც პრაქტიკაში არ არსებობდა. გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, ჩვენ ჩავერთეთ ბზის გადარჩენის პროგრამაში და კოლხური ბზის გადარჩენის პროცესი დაწყებულია.


სურსათის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია ჰარმონიზაციის პროცესი, რაც ნიშნავს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს. ამ მიმართულებით სამინისტროში ჩამოვაყალიბეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია აღნიშნულ ღონისძიებაზე და ველოდებით, მაგალითისთვის, თაფლზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გადავაგზავნეთ მონიტორინგისთვის და ველოდებით მათ საბოლოო პასუხს, ასევე, თევზთან მიმართებით ვმუშაობთ ძალიან სერიოზულად. მიმდინარე წელი გამოვაცხადეთ აკვაკულტურის განვითარების კუთხით პრიორიტეტულად. ვაკეთებთ შესაძლებლობათა ანალიზს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მოგვცემს პროექტების დიზაინის საშუალებას და ეს გახდება კიდევ ერთი საინტერესო დარგი.


- სოფლის მეურნეობის სიძლიერე პირდაპირ არის დამოკიდებული როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრის სიძლიერეზე. რომელი გარე ბაზარი აქვს ათვისებული ქართულ პროდუქციას და კონკრეტულად რუსეთის ბაზარზე გვითხარით - სად გადის რუსეთში პროდუქტი და ძირითადად რა გაგვაქვს?

 

- არატრადიციული ბაზრით თუ ვიხელმძღვანელებთ, ყველაზე დიდი დაინტერესება გალფის ყურის ქვეყნებიდან მოდის. ასევე, დიდია დაინტერესება ევროპიდან. ევროკავშირს აინტერესებს თევზი და თაფლი. ამ მიმართულებით მონიტორინგის სისტემებზე ვმუშაობთ, რათა დავნერგოთ შესაბამისი სტანდარტები ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი ექსპორტის 30 % ევროპის ქვეყნებია. ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შემდეგ, ევროპასთან ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამერიკა იმდენად არ აქტიურობს, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიმზიდველი ბაზარი, მაგრამ აქ მარკეტინგული სირთულეები ჩნდება. ამერიკაში პროდუქციის პოზიციონირება ძალიან ძვირია, დიდი ბაზარია და სპეციფიკურ მარკეტინგს მოითხოვს. იაპონიიდან ძალიან დიდია დაინტერესება. ჩინეთი სავაჭრო ნაწილში მნიშვნელოვან ობიექტად რჩება და ეკონომიკის სამინისტროც თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით ჩვენთან ერთად მუშაობს. შარშან აგროსასურსათო ნაწილში ჩინეთთან ვაჭრობა გავაორმაგეთ. სხვა ტრადიციული ბაზარი არის უკრაინა. რუსეთს, რა თქმა უნდა, დიდი წილი უჭირავს, დაახლოებით 24%. რუსეთში გაგვაქვს თითქმის ყველაფერი, გარდა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა, იმიტომ, რომ ამაზე ცალკე შეთანხმებაა საჭირო. უნდა ჩამოვიდეს დელეგაცია, მოინახულოს საწარმოები, ასევე, ანალოგიური უნდა გაკეთდეს საქართველოს მხრიდან. შემდეგ მოხდება ვალიდირება მათი მხრიდან, რომელი საწარმო აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც მათთვის მისაღებია. ველოდებით კერძო სექტორის აქტიურობას. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და ეს ხდება კერძო სექტორის მოწვევით, ამოწმებენ და სტრუქტურებს შორის ხდება შეთანხმება.


- როდესაც „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოდიოდა, ის ხმამაღლა აცხადებდა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი არის სოფლის მეურნეობის განვითარება და აგრარული სექტორი. ყოველთვის ვსაუბრობთ, რა გავაკეთეთ, მაგრამ იშვიათად ან არასდროს ვამბობთ, რა ვერ გავაკეთეთ და სად შეგვექმნა პრობლემა, ამიტომ მინდა გკითხოთ, მიღწევებთან ერთად, რა არის ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ დასაძლევი და გადასალახია?

 

- სოფლის მეურნეობის კუთხით თქვენ თუ მეტყვით, რა ვერ გავაკეთეთ, უფრო კარგი იქნება. ჩვენ შევქმენით პირობები: აგროდაზღვევა, რომელიც საერთოდ არ არსებობდა და რომელმაც დააზღვია 200 მილიონ ლარამდე ღირებულების რისკი საქართველოში. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა და გასულ წელს 43 შემთხვევის პრევენცია უზრუნველყო. ჩვენ გვაქვს შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც სესხის პროცენტს ასუბსიდირებს და 0%-დან 1% ან 2%-მდე შეიძლება გამოვიდეს საპროცენტო განაკვეთი. გვაქვს საგრანტო კომპონენტი გადამამუშავებელ საწარმოზე, რომელიც 40%-იან საგრანტო კომპონენტს მოიცავს, 70% აგროკრედიტს და მხოლოდ 50%-ს ასუბსიდირებს. იგივე „აწარმოე საქართველოს" ნაწილში, უძრავი ქონების გადაცემა ოთხმაგი ან ექვსმაგი, გამომდინარე ლოკაციიდან, ინვესტიციის პირობებით. სახელმწიფომ შექმნა აბსოლუტურად ყველა პირობა. თუ არის რაიმე პირობა, რომელიც ვერ შექმნა, ჩვენ ამის დაკვეთა გვჭირდება. სახელმწიფომ გაზარდა ბიუჯეტი 30 მილიონიდან 300 მილიონამდე. მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამაზე სამას მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რომელიც სახნავ და საგაზაფხულო სამუშაოებს ითვალისწინებს. მელიორაციაში 100500 ჰექტრის წყალუზრუნველყოფა მოხდა. დრენირება - მხოლოდ დასავლეთ საქართველოში 650 კილომეტრამდე არხია გაწმედილი და ეს გაკეთდა სამ წელიწადში. ჩვენ შევიმუშავეთ განვითარების სტრატეგია და მის საფუძველზე სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმაში გაწერილია, როგორ შევასრულოთ სტრატეგია, მისი ყველა ნაბიჯი, ფაზა, ვაკეთებთ კვარტალურ მიმოხილვას, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა ღონისძიება გატარდა. რაც გეგმით იყო გათვალისწინებული, გეგმაში გათვალისწინებულია მარგი ქმედების კოეფიციენტი შეფასების კრიტერიუმი, რაც განსაზღვრავს ხარისხს და ვადებში შესრულების სტატუსებს. ეს არის ცოცხალი დოკუმენტი და სწორად არის განსაზღვრული პასუხისმგებელი რგოლები. ჩვენ ველოდებით საქსტატიდან შედეგს და გვექნება ამ სტატუსების განხილვა.

 

- დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში, ყველაზე მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ხელისუფლება დგას, ასოცირების ხელშეკრულებაა და ამ ხელშეკრულებაში რეფორმების დიდი წილი სწორედ სოფლის მეურნეობაზე მოდის, მაგალითად, პროდუქტის უვნებლობაზე. არსებობს გაწერილი გეგმა, როდის რა ნაბიჯი უნდა გადადგას ქვეყანამ ამ კუთხით. როგორ მივყვებით ამ გეგმას? გვაქვს ჩამორჩენები? კონკრეტულად სად? რა პრობლემებს წავაწყდით?

 

- მე პირადად ვაკონტროლებ ამ ვადების დაცვის საკითხებს. დავაჩქარეთ კიდეც რამდენიმე მიმართულება, რომლებიც ჩავთვალეთ, რომ ძალიან კომფორტული ვადით იყო წარმოდგენილი. ეს არის თევზისა და თაფლის მიმართულებები და 2017 წლის ნაცვლად 2016 წელს გადმოვიტანეთ. გვაქვს უფრო დაჩქარებული ტემპი და დაგვიანება არ ყოფილა და არ იქნება. შევქმენით სპეციალური დეპარტამენტი, რომ ასეთი რამე არ მოხდეს.


- საკმაოდ დიდი პრობლემაა გარევაჭრობა, რომელიც კანონით აკრძალულია, მაგრამ მაინც არის. არ ხდება სურსათის შემოწმება შესაბამისი ნორმების დაცვით, არაა დაცული ჰიგიენური და სანიტარული ნორმები. ხომ არ აპირებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რაიმე ფორმულით ჩაერთოს ამ პრობლემის მოგვარებაში თბილისის მერიას და შსს-თან ერთად?

 

- ჩვენ, ჩვენი მხრივ, მზად ვართ, ნებისმიერ დროს ჩავერთოთ. ეს არის, ზოგადად, ღია საკითხი წლების მანძილზე და ერთ-ერთი მგრძნობიარე თემაა, თუმცა ჩვენ, ბუნებრივია, ჩართვაზე აბსოლუტურ მზადყოფნას ვაფიქსირებთ. დღეს ჩვენ იურიდიული საფუძვლები არ გვაქვს, იმიტომ რომ შეგვიძლია, მონიტორინგი ჩავატაროთ ბიზნესოპერატორებზე. ვიცი, რომ მერიამ შესთავაზა ალტერნატიული ფართი და გარემოვაჭრეებისგან უარი მიიღო. ეს არის ბოლო ინფორმაცია, რაც ამ თემაზე მაქვს.

 

სალომე ჩადუნელი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner