ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ახლა, როცა საგონებელში ვარ, როცა ჩემი შვილის სახლში დაბრუნებამდე ფანჯრის მინაზე სახემიჭყლეტილს ძარღვები მეყინება, როცა ისტერიულად ვრეკავ და ვაკოს ხმის გაგონება საჩუქარი მგონია, როცა ეზოში მდგარი 2-3 ბიჭისკენ ყურები მიგრძელდება, როცა სადარბაზოდან გაგონილი ხმაური მაფორიაქებს, როცა თენდება და მახსენდება, როგორ თენდება ის იმ ბიჭებისთვის, ვინც მიწისთვის გაიმეტეს თუ დაჭერილი და დასაკავებელი მკვლელებისთვის, ვდარდობ, ვფორიაქობ, ვტირი და არა, ეს მარტო ნევროზი, არაა. ვფიქრობ, რა უნდა ვქნათ... ჩემი მოსწავლეობის დროს ვიხსენებ, როცა არც მანდატურები გვყავდა და არც ქურდული მენტალიტეტი აკლდა ქვეყანას. არ მახსენდება სკოლაში კი არა, მთელ რაიონში ასეთი ტრაგედია, სამაგიეროდ მახსოვს სკოლის დახაზული და მოწესრიგებული ეზო სხვადასხვა სპორტული თამაშებისთვის, მახსოვს სიმღერის, დოლ-აკორდეონის, ჩონგურის ხმები, მახსოვს სპარტაკიადები და ოლიმპიადები, მახსოვს სასკოლო სახელოსნოები, შაბათობები, ზეიმები, სკოლაში მოწვეული პოეტები, მწერლები, სახელოვანი ადამიანები, მახსოვს გვიან ღამემდე განათებული საკლასო ოთახები - ვიცოდით, მასწავლებლები ჩვენს საკონტროლოებს ასწორებდნენ, მახსოვს ჩემი სკოლის დირექტორები, ცერბერებივით რომ იდგნენ და მარტო სკოლის კი არა, მთელი ქვეყნის დირექტორები რომ მეგონნენ (არა, ის თაობა არ ვარ მასწავლებელს და ტუალეტს რომ ვერ აკავშირებდნენ)... მახსოვს გურამ თიკანაძის სახელობის რაიონის უფროსკლასელთა თავისუფალი დროის კლუბი „სიჭაბუკე", ყველა სკოლის მოსწავლეები რომ ვიკრიბებოდით, სადაც გაკვეთილების დამთავრებისთანავე გავრბოდით და ყველას მესაიდუმლე ლია გოგიჩაიშვილი გვეგულებოდა, რა სიყვარული და სითბო იყო, რაღაც უხილავი და ჯანმრთელი... მახსოვს ახმაურებული ქუჩა, ყველა კლასელის სახლთან დავიძახებდი, სკოლამდე ერთად რომ მივსულიყავით, მერე სკოლიდანაც ერთად ვბრუნდებოდით და არც დედების შემოთავაზებაზე ვამბობდით უარს - ერთად გვესადილა! ეს მარტო სადილიც არ იყო, ამასობაში მთელი დღის სასკოლო ამბებს გვაყაჭინებდნენ... ყველაზე დიდი დანაშაული შატალო იყო... რამდენიც არ უნდა დამაბრალოთ ძველმოდურობა, მაინც უნდა ვთქვა, ჰაერი მაშინ უფრო თბილი იყო და ამ სიმძიმეებისგან თავისუფალი. სკოლის ასაკი ის დროა, ადამიანი ადამიანად რომ ყალიბდება და მერე ყველაფერი ამ საძირკველზე შენდება!!!
მოაშორეთ ჩვენი შვილების თვალებს ამდენი აგრესია, ზნედაცემულობა, სიძულვილი, ისედაც ბევრი ნახეს უსამართლობა, დედ-მამის შეურაცხყოფა, დაჭერა, სამსახურებიდან დაპანღურება, დამცირება, და რა გგონიათ, ხმას რომ ვერ იღებდნენ, მათ გულებში დარდი არ დუღდა? (ეს პირადად გამოვცადე). შეცვალეთ ჩინოვნიკების პიარები და ეკრანზე ყელმოღერებები, აჩვენეთ ადამიანები, როგორ ცვლის ქალაქში ნათურებს, როგორ გვის, როგორ შრომობს დაკოჟრილი ხელებით, ბარავს და თოხნის, მწყემსავს და უვლის საქონელს, აჩვენეთ ყველაფერი, საიდანაც სითბო და სიკეთე მოდის... აღარ გვინდა ეს საცვლების ფრიალი და უაზრო ტაშ-ფანდურები, შვილები ადამიანებად გვინდა გაიზარდონ და მიხვდნენ, რომ ცხოვრება შრომაა და არა მარტო სიამოვნებაზე და გართობაზე ფიქრი!!! მოიფიქრეთ, დაგეგმეთ და გვიმსახურეთ ყველანი, ვისაც რა შეგვიძლია, ხრამთან ვართ და ხელს ჩვენს შვილებს ვერ გავუშვებთ!!! გაამკაცრეთ კანონები, რომ დედები დაგვიცვათ ასეთი მკაცრი განაჩენისგან!!!" - წერს კვაჭანტირაძე.