2017 წელს საქართველო ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო 200 წელს სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს. 4 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნა პოეტის განახლებული მემორიალური სახლ-მუზეუმი, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს ჩატარდა.
7 დეკემბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება ნიკოლოზ ბარათაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, რომელსაც თეატრალური და ლიტერატურული წარმოდგენის სახე ექნება.
საიუბილეო თარიღის აღნიშვნა საქართველოში მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაიწყო. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოიცა ქართულ, გერმანულ, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე თარგმნილი ხუთენოვანი წიგნი; გერმანიაში გამოიცა ბარათაშვილის საიუბილეო კრებული (რაინერ ქირშის თარგმანი); ივნისში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში ჩატარდა მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენები, რომელზეც წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ინსტიტუტში, ლიტერატურის მუზეუმსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ბარათაშვილის პირადი ნივთები, ხელნაწერები, იშვიათი გამოცემები, პუბლიცისტიკა, შემოქმედება, უბის წიგნაკები და სხვა.
სექტემბერში მოეწყო საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 132 მეცნიერმა, მათ შორის 57 უცხოელმა, მსოფლიოს 17 ქვეყნიდან.
მიმდინარე წლის აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით პროექტების „მრავალფეროვანი საქართველო" და „კულტურა საზღვრებს გარეშე" ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ (მარნეული, გარდაბანი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბოლნისი, პანკისისხეობა) და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე რეგიონების (რუხი, მეჯვრისხევი, ორსანტია და ნიქოზი) მოსახლეობისათვის ნ. ბარათაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული სალექციო კურსები ჩატარდა.