შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ნინო ჯავახაძე და ნათია მეზვრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები - ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და აღნიშნული უწყებების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებაზე, არასრულწლოვანთა სოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამების გააქტიურებასა და ამ პროცესში სხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
უწყებები არსებული გამოწვევების დაძლევის მოკლევადიან და გრძელვადიან გზებზე შეთანხმდნენ. მოკლევადიანი გეგმის ფარგლებში გადაწყდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის შეფასება და მისი როლის გაძლიერება. უწყებები, ასევე, შეთანხმდნენ, სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურის სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის კოორდინაციის გაღრმავებაზე, სასკოლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მონიტორინგის პროცესში, საწყის ეტაპზე, საპატრულო პოლიციის მონაწილეობაზე.
უმოკლეს ვადებში გაიმართება უწყებების წარმომადგენლების მომდევნო შეხვედრა, სადაც სამუშაო ჯგუფის წევრები მანდატურის სამსახურის გაძლიერების და აღნიშნულ სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის კოორდინირებული მუშაობის საკუთარ ხედვას წარმოადგენენ.