სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა ვინაობის დადგენაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროა ჩართული. მისი თქმით, მხოლოდ ერთი პირის, აჰმედ ჩატაევის ვინაობაა ცნობილი, დანარჩენების შესახებ კი ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.
„ვინაობა მხოლოდ ერთ-ერთის ვიცით. ველოდებით ექსპერტიზებს. ვთხოვეთ ამერიკელ კოლეგებს დახმარება და გვეხმარებიან დანარჩენი პირების დადგენაში.
რაღაც საფრთხეები ქვეყანამ აიცილა. ეს არის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მუშაობის და მათ შორის, რა თქმა უნდა, შსს-ს მუშაობის შედეგი. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა, თუმცა, არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა. ვფიქრობ, სპეცოპერაცია სწორად ჩატარდა", - აღნიშნა სუს-ის ხელმძღვანელმა.