„ჩვენ ყველამ უნდა განვაახლოთ ჩვენი დამოკიდებულება ტაძრისადმი", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ ქადაგებაზე განაცხადა.
„გავაცნობიეროთ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ტაძარს, ტაძარში ლოცვას და საიდუმლოებებს. ჩვენ თუ ამას მივხვდებით, ჩვენი ცხოვრება გახდება სხვანაირი, ამდენი ბოროტება აღარ იქნება. ცდილობენ, დანერგონ უცხო იდეოლოგია, რომელიც შორს არის ქრისტიანობისაგან.
თქვენ გსმენიათ, რომ ადამიანები ამბობენ, როდემდე ვითმინოთ, როდემდე გავუძლოთ, არის სირთულეები, ინერგება უზნეობა, რომელიც სურთ წარმოაჩინონ, როგორც ნორმალური მდგომარეობა, ცდილობენ რომ მიგვაჩვიონ, რომ ეს არის კარგი, ეს არის ნორმა. ეკლესიისთვის ეს არასდროს გახდება მისაღები!
და რით ვებრძოლოთ ამას? რა დავუპირისპიროთ? ყველაზე ქმედითი, ყველაზე სწორი დამოკიდებულება არის, რომ ჩვენ ვიდგეთ ტაძარში, ვილოცოთ ტაძარში. ეს შეცვლის ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ, ეს შეცვლის ჩვენს საქართველოს, ეს გადაარჩენს ჩვენს სამშობლოს.
ღმერთა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ.
ჩვენთან არს ღმერთი!" - განაცხადა მეუფე შიომ.