logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: თუ მარგველაშვილი რეფერენდუმს არ დანიშნავს, მისი გადადგომის მოთხოვნით მასობრივ საპროტესტო აქციებს დავიწყებთ!
- +

20 აპრილი. 2016. 12:30


ოთხკაციანმა საინიციატივო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან მოძრაობა „ეროვნულების" თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე, ამავე მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი კახა მიგინეიშვილი, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე და „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი შეიტანა, რომელიც გულისხმობს, საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას და კონსტიტუციაში ოჯახის ცნების განსაზღვრასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას. საინიციატივო ჯგუფის მიერ ცესკო-ში წარდგენილ სარეფერენდუმო შეკითხვას ასეთი ფორმულირება აქვს - „თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის?"

 

 

სანდრო ბრეგაძე: - ჩვენი საინიციატივო ჯგუფის განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დარეგისტრირებულია და ცესკო ვალდებულია, ერთი თვის განმავლობაში მოგვახსენოს დადებითი ან უარყოფითი პასუხი რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით.


- ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რა შემთხვევაში შეიძლება თქვას უარი რეფერენდუმის დანიშვნაზე?

 

- ცესკო-ს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რომ რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი გვითხრას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხი პოლიტიკური სპეკულაციებისა და წინასაარჩევნო ვაჭრობის თემად გადაიქცა.


როცა მოძრაობა „ევრონულებმა" საქართველოს პარლამენტში ქორწინებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო შესწორების ინიციატივა შევიტანეთ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები შეგვპირდნენ - ჩვენ უზრუნველვყოფთ, საკონსტიტუციო შესწორებისათვის საჭირო 113 დეპატუტის ხმა მოვაგროვოთ და კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ერთობაო.


თუმცა, ჩვენთვის ცნობილია, რომ საკონსტიტუციო შესწორებისათვის საჭირო 113 ხმა პარლამენტში ვერ გროვდება და საკითხი ჯანჯლდება. სწორედ ამიტომ, ვერ გავჩერდებით და ვერავის მივცემთ უფლებას, ეროვნული მნიშვნელობის თემებით ისპეკულანტოს.


- როგორც ცნობილი გახდა, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს და პრეზიდენტ მარგველაშვილს შორის უკვე შედგა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი დაინიშნოს...

 

- დიახ, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრს საჯაროდ მოვუწოდეთ, რომ პრეზიდენტისათვის რეფერენდუმის დანიშვნის ინიციატივით მიემართა, ბატონ კვირიკაშვილსა და მარგველაშვილს შორის მართლაც შედგა კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, პრეზიდენტი მარგველაშვილი ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნისაგან თავს იკავებს!


ხმამაღლა ვაცხადებ - თუ პრეზიდენტი ქართველი ერის ინტერესებს არ გაითვალისწინებს და ქორწინების საკითხზე რეფერენდუმს არ დანიშნავს, ჩვენ მასობრივ საპროტესტო აქციებს დავიწყებთ და მარგველაშვილის გადადგომას მოვითხოვთ!


გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია და „გირჩი" არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას უჭერენ მხარს და გარყვნილების პროპაგანდას ემხრობიან!


- „ენდიაის" მიერ რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, „ქართულ ოცნებას" საქართველოს მოსახლეობის 15 პროცენტი უჭერს მხარს, ნაციონალურ მოძრაობას კი - 13 პროცენტი. თქვენ განაცხადეთ, რომ ეს კვლევები არეულობისა და ე.წ. თბილისური მაიდნის სცენარის ნაწილია. რის საფუძველზე აკეთებთ ასეთ დასკვნას?

 

- „ენდიაიმ" ეს გაყალბებული კვლევა ერთადერთი მიზნით ჩაატარა - რათა წინასაარჩევნოდ, განსაკუთრებით კი არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, საქართველოში დაიწყოს უმართავი, რევოლუციური პროცესები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის რევანშით უნდა დაგვირგვინდეს.


სცენარი ასეთია - თუ არჩევნებში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს, „ენდიაი" და მისი მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციები განაცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, რაც ქუჩის გამოსვლების მაპროვოცირებელი გახდება.


ეს არის რევანშისტი და ავადმყოფი სააკაშვილის მიერ ოდესაში დაწერილი სცენარი.


და კიდევ, „ენდიაი" ასეთი ყალბი კვლევების გამოქვეყნებით ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობაში ანტიდასავლური და პრორუსული განწყობის ზრდას!


დიახ, „ენდიაი" და მისი მსგავსი ორგანიზაციები, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოში რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან!


დაბოლოს, მინდა, „ასავალ-დასავალის" მკითხველს ერთი სასიხარულო ინფორმაცია მივაწოდო - მოძრაობა „ეროვნულების", თბილისის საკრებულოს დეპუტატ სოსო მანჯავიძისა და „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში შეტანილი და დარეგისტრირებულია მოთხოვნა, რომ ე.წ. „ვარდების რევოლუციის მოედანს" სახელი გადაერქვას და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდოს!


მოძრაობა „ეროვნულებს" დიდი იმედი გაქვს, რომ თბილისის საკრებულოს წევრები მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას და 2016 წლის 26 მაისისთვის, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, თბილისში უკვე იარსებებს საქართველოს დამოუკიდებლობის გამომცხადებელი ეროვნული გმირის, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანი!



***

ძვირფასო მკითხველო, მართლაც დიდი პარადოქსია, რომ საქართველოს დედაქალაქში საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელობის მოედანი არ არსებობს, მაშინ, როცა თბილისში უცხო ქვეყნების პრეზიდენტების სახელობის ქუჩებიც გვაქვს, სანაპიროც, სკვერიც და ზოგიერთი მათგანის ძეგლიც კი გვიდგას.


ვესაუბრებით თბილისის საკრებლოს დეპუტატ სოსო მანჯავიძეს, რომელმაც მოძრაობა „ეროვნულების" ინიციატივას მხარი აუბა და თბილისის საკრებულოში დაარეგისტრირა საკითხი, რომ ყოფილ „რესპუბლიკის მოედანს", რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლებამ „ვარდების რევოლუციის მოედანი" დაარქვა, ზვიად გამსაახურდიას სახელი ეწოდოს:


- ჯერ ერთი, ყოფილ „რესპუბლიკის მოედანს" „ვარდების რევოლუციის მოედანი"  აქამდეც არ უნდა რქმეოდა და მეორეც - საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, როგორც მინიმუმ, იმას მაინც იმსახურებს, რომ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანს მისი სახელი ერქვას.


- როგორ ფიქრობთ, თქვენ მიერ ინიცირებულ საკითხს თბილისის საკრებულოს წევრები მხარს დაუჭერენ?

 

- არა მგონია, საკრებულოში ამ საკითხის წინააღმდეგი ვინმე აღმოჩნდეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური მოედნისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის დარქმევა ეროვნული თანხმობისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და დადებით როლს ითამაშებს იმ უმძიმესი შედეგების აღმოფხვრაში, რომელთაც 1991-1992 წლებიდან მოყოლებული ვიმკით.


- „ენდიაის" მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები, როგორც ყოველთვის, დიდი აჟიოტაჟის საგნად იქცა. პირდაპირ გკითხავთ - „ქართული ოცნებისა" და ნაციონალური მოძრაობის რეიტინგებს შორის მართლა 2-პროცენტიანი სხვაობაა?

 

- ეს სრული სისულელეა! საერთოდ, „ენდიაი" არის არა კვლევითი ორგანიზაცია, არამედ ამერიკის დემოკრატიული პარტიის ქვეგანყოფილება, რომელიც თავისი „სოციოლოგიური კვლევებით" აშშ-ის ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას ახმიანებს და მოსახლეობის ზომბირებას ახდენს. სამწუხაროა, რომ „ენდიაისა" და მისი მსგავსი დესტრუქციული ორგანიზაციების საქართველოდან განდევნა დღემდე ვერ მოვახერხეთ!


და კიდევ: ძალიან შემაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნება" კვლავ ცდილობს ნაციონალური მოძრაობის რეანიმირებას. ხელისუფლება ფიქრობს, რომ თუ მთავარ ოპონენტად ნაცმოძრაობა ეყოლება, მუდმივად გამარჯვებული იქნება. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც საზოგადოებას უდიდეს უკმაყოფილებას იწვევს!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner