საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის" გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის გამოყენებით, თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე 129 ერთეული პნევმატური პისტოლეტი შემოიტანა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.