„ეტალონის" იდეის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„უპირველესად მინდა, ჩემი თანაგრძნობა და ღრმა მწუხარება გამოვხატო 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპული მოზარდების მშობლების, ოჯახის წევრების, ნათესავების, მეგობრების და სკოლის მიმართ...
დიდი ხანია არაფერი მითქვამს და 2018 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე, აზრის გამოთქმას არაფერზე ვაპირებდი, რადგან მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, ყურადღება სხვა (რაგინდ მტკივნეულიც უნდა ყოფილიყო) საკითხებზე არ გადამეტანა და მხოლოდ ერთ საკითხზე ვყოფილიყავი სრულად კონცენტრირებული... იმ დროისთვის მინდოდა, სააშკარაოზე პირადად გამომეტანა იმ შრომის შედეგები, რომელსაც ბოლო სამი წელი მოვანდომე, - ეს საკითხია: ოჯახი-ბავშვი-სკოლა ანუ აღზრდა-განათლების უთანამედროვესი მექნიზმის http://www.izrune.ge/ -ს შექმნა...
თუმცა, მომხდარი ტრაგედიის გამო დუმილს ვარღვევ და მინდა მოგახსენოთ, რომ ქვეყანაში სავალალო მდგომარეობაა და ეს სავალალო მდგომარეობა განათლებას და განსაკუთრებით სკოლებს ეხება - ქვეყანაში არ არსებობს არანაირი იდეოლოგია, რომლითაც მომავალი თაობები უნდა იზრდებოდნენ... ამაში სახელმწიფოს ბრალეულობა დიდია, მაგრამ არანაკლებ დამნაშავეა მასმედია, განსაკუთრებით ტელევიზიები; საზოგადოება და ეკლესიაც... თანამედროვე ტექნოლოგიების, გლობალიზაციისა და ინტერნეტიზაციის პირობებში თითოეული ახალგაზრდა მძიმე დღეშია, რადგან არ იცის, ვის დაუჯეროს, რა ისწავლოს, რისთვის ისწავლოს, ან თუნდაც ვის ეთაყვანოს და/ან მიბაძოს... ცალკე საკითხია რეიტინგებს გამოდევნებული ტელევიზიები და უხამსობამდე მისული ტელეწამყვანები, რომლებიც არამარტო ბავშვებისა და მოზარდების, არამედ უფროსების ფსიქიკასაც მეთოდოლოგიურად არღვევენ...
საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის ჩემი 25-წლიანი გამოცდილებიდან და დაკვირვებიდან მინდა მოგახსენოთ, რომ ოჯახისა და სკოლის უპირველესი მიზანი საერთო უნდა იყოს - ბავშვის მოქალაქედ ჩამოყალიბების ხელშეწყობა! ამ პროცესს ხელს უნდა უწყობდეს სახელმწიფო, - უშუალოდ თითოეული ოჯახი და ბავშვი უნდა გრძნობდეს სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ და გააზრებულ ყურადღებას!
საკითხი გლობალური და მრავალმხრივია... თუმცა, ამჯერად, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო კონკრეტულ საკითხზე, - მშობელი-ბავშვი-სკოლა ანუ აღზრდა-განათლების იმ უპრეცედენტო სიახლეზე, რომელიც სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის" 12 წლიან წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შევქმენით და პირველ ნაბიჯებს ახლა ვდგამთ...
- თანამედროვე ცხოვრებამ მშობლების და ოჯახის წინაშე მწვავედ დააყენა საკითხი: რაღაც მექანიზმ(ებ)ით სისტემატურად პირადად ჩაერთოს და იზრუნოს შვილის აღზრდა-განათლების პროცესში!!! სკოლაში დაწერილი ნიშნების გაგება და პედაგოგებისგან ან/და დირექტორისგან მოსმენილი შვილების ობიექტური დახასიათება დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ფაქტია, რომ ეს საკმარისი აღარ არის!!! არც შვილების კარგი ჩაცმა-დახურვა, დასვენება-გართობა, რეპეტიტორები, კონკურსებში მოპოვებული დიპლომები და ა. შ. დღეს მთავარი აღარ არის... მშობელს დღეს მეტი მოეთხოვება: ის ყველა კლასში თავადაც უნდა ეხმარებოდეს საგანმანათლებლო სისტემას და შვილებზე მუდმივი და პერმანენტული პირადი ზრუნვა-ყურადღებით ხელს უწყობდეს მომავალი თაობის სწორად აღზრდა-ჩამოყალიბებას.
- ამასთან, შეუძლებელია, მშობელმა თანაბრად კარგად იცოდეს ყველა ის საგანი, რომელსაც მისი შვილი სკოლაში სხვადასხვა კლასში სწავლობს.
ე. ი. ერთი მხრივ არსებობს აუცილებლობა: მშობლების ჩართულობა, მეორე მხრივ კი ობიექტური რეალობა და ასეთ პირობებში რა ქნას შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე მშობელმა?
მაშ, სად არის გამოსავალი?
თანაც ისეთი გამოსავალი, რომელშიც სიამოვნებით ჩაერთვება თავად ბავშვი და მშობლების ამ სისტემურ მზრუნველობა-ყურადღებას პროგრესულად მოაზროვნე მასწავლებლებიც მიესალმებიან?
ვფიქრობ, გამოსავალი არსებობს!!! - „ეტალონის" გამოცდილების გათვალისწინებით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, თქვენ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე მშობლებო, საშუალება გექნებათ, მუდმივად იზრუნოთ შვილის აღზრდაზე და საგანმანათლებლო პროცესშიც აქტიურად და კრეატიულად ჩაერთოთ!!!
... და ეს გამოსავალი შემდეგია, შეიქმნა ქმედებათა მთელი სისტემა http://www.izrune.ge რომელის მთავარი გზავნილებია:
- ინდივიდუალური აღზრდა-განათლების ტესტები ყოველთვიურად ყველა კლასის თითოეულ მოსწავლეს; (ტესტირების პროცესი თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება ე. წ. „ცოცხალ" რეჟიმში, გამოყენებული იქნება „ეტალონის" პრინციპები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ჩართულები იქნებიან თავად მშობლები; ტესტების კითხვებს ადგენენ საქართველოს საუკეთესო პედაგოგები);
- მზრუნველი მშობლები, გახარებული ბავშვები, კმაყოფილი მშობლები - ანუ მოქმედება და შედეგი;
- ოჯახი, ბავშვი, სკოლა, - აღზრდის და განათლების თანამედროვე მექანიზმები;
დანარჩენს დაწვრილებით მოკლე ხანში შეიტყობთ, მანამდე კი მოგახსენებთ, რომ: http://www.izrune.ge/ გახდება ოჯახსა და სკოლას შორის გადებული თანამედროვე ხიდი, რომელზეც სიამოვნებით გადი-გამოდის ბავშვი. ხიდზე მოძრავი ეს პერსპექტიული პიროვნება ორი მოაჯირით: განათლებითა და აღზრდით დაცული იქნება.
საქართველოში, ყოველი თვის ბოლო კვირა გამოცხადდება - შვილებზე ზრუნვის დღედ!!!
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ - პრეზენტაციაში.
P.S. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ 2018 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე http://www.izrune.ge/ -ს წინ წამოწევას პირადად არ ვაპირებდი. თუმცა, თბილისში, ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ დამაჩქარა...
ოჯახი-ბავშვი-სკოლა და სახელმწიფო ამ თემასთან დაკავშირებულ ჩემი მოსაზრებების ძირითად ნაწილს მომავალში გაგაცნობთ.
P.P.S. აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და ჩემს facebook-მეგობრებს ძალიან მინდა გთხოვოთ, ვინც ვერ შეძლებს ჩემი გულწრფელი გზავნილის წაკითხვას გამოქვეყნებიდან 10 დღის განმავლობაში, ანდა წაიკითხავს და ჩემს (გნებავთ, „ეტალონის" გუნდის) ნააზრევსა და ქმედებებზე არ ექნება მოსაზრებები, გთხოვთ, მეგობრების სიიდან ამომშალოთ... წინააღმდეგ შემთხვევაში, მე თავად ვიტყვი თქვენთან მეგობრობაზე უარს და იმ პიროვნებებს შევიამხანაგებ, ვინც თანამოაზრეობას გვთავაზობს..." - წერს ტყეშელაშვილი.